logo
ENG



ბაქრაძე: ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ

20 აპრ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო  მდგომარეობა ამ კვირაში  გახდება ცნობილი. თემაზე საკანონმდებლო ორგანოში ოთხაშაბაღთს და ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე   იმსჯელებენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ  მთავრობა იმ შემთხვევაში მოიპოვებს მათ მხარდაჭერას თუკი ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ამ პირობებში პარტია არ აპირებს მხარი დაუჭიროს საგანგებო დმგომარეობის გაგრძელებას.

„მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს. ასეთ პირობებში, ეკონომიკური გეგმისა და ნაბიჯების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უზარმაზარი პრობლემების მომტანი იქნება ასეულობით ათასი ადამიანისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს, მაგრამ არსებულ პირობებში მხარს ვერ დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეკონომიკური გეგმის გარეშე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვს მთავრობისგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ მთავრობა წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს. ბიუჯეტში პირველ რიგში ასახული უნდა იყო ასეულ ათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსური, სასურსათო თუ სხვა სახის მხარდამჭერი ღონისძიებები. ასევე, უნდა იყოს წარმოდგენილი ბიზნესის მხარდამჭერი გეგმა“, - განაცხადა გოცირიძემ. 

კოროანვირუსის გამო, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მის გაგრძელებას გადაწყვეტს, ხელისუფლება დადგენილებას დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნის. პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში, თუ დაეთანხმება გადაწყვეტილებას, ხელმოწერილ დოკუმენტს უკან უბრუნებს მთავრობას. საბოლოოდ, დადგენილება პარლამენტში ხვდება, რომლის მიღებასაც მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. 



close დახურვა