logo
ENG



ბაქრაძე: მართლმსაჯულების საკითხში გადაუწყევეტელი პრობლემის სახელი და გვარი გიორგი რურუაა

19 ივნ 202021:15
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერს პარტია მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ბაქრაძის თქმით, ფასილიტატორი ელჩების განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულების ნაწილში რჩება გადაუწყვეტელი პრობლემა.

„რაც შეეხება ბატონ თალაკვაძის განცხადებას, როგორც ჩანს მან მხოლოდ მესამე აბზაცი წაიკითხა განცხადების. ვურჩევ, რომ სანამ მესამემდე ჩავა, მეორე აბზაცს გადაავლოს თვალი, სადაც პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში რჩება გადაუწყვეტელი პრობლემა. ამ გადაუწყვეტელი პრობლემის სახელი და გვარია გიორგი რურუა და ამ გადაუწყვეტელ პრობლემას გადაუწყვეტლად ტოვებს ხელისუფლება. გარწმუნებთ, როგორც კი პრობლემა მოგვარდება, გარწმუნებთ, რომ ოპოზიციას ცვლილებების მხარდასაჭერად მოწოდება არ დასჭირდება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალმა ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ელჩების განცხადებას პარლამენტის თავჯდომარე გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის მხრიდან 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კანონპროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. დამოუკიდებელი დეპუტატები მზად არიან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.  გადამწყვეტი სიტყვა ისევ  „ქართულ ოცნებაზეა"  -  მმართველ პარტიას ჯამში  92 დეპუტატი ჰყავს, მათ შორის არიან მაჟორიტარები. დეპუტატები, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან თუმცა საჭიროების შემთხვევაში  პოლიტიკური კრიზისის შექმნაც შეუძლიათ. 


close დახურვა