გიორგი გახარიას განცხადებები ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მეორე მოსმენით დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.
კანონპროექტის ახალი ვარიანტით, შეზღუდვების დაწესება მთავრობას პარლამენტის გვერდის ავლით 15 ივლისამდე შეეძლება.
განხილვისას „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და ჰკითხა შერცხვა თუ არა, როდესაც გახარიამ პარლამენტში გამართულ დებატებს მასკარადი უწოდა.
„მადლობთ ბატონო არჩილ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა გავაგრძელოთ პოლიტიკური მასკარადი, როგორც თქვენმა პრემიერმა უწოდა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური მასკარადი სასარგებლოა, რადგან დღეს კანონპროექტის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია წარმოადგინეს და მე უბრალოდ, მიკვირს და შეურაცხყოფად არ მიიღებთ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი პრემიერი პარლამენტს პოლიტიკურ მასკარადს რომ ეძახის? მე მივიღებდი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის წევრი ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გაუგებარი ქართულით წერია და იურიდიულადაც გაუგებარია.
„ყველაფერი გადაიხაზა და ახალი ფორმულირება ჩამოყალიბდა. რადგან პუნქტები ახლავს, მე გთხოვთ პუნქტობრივად გავყვეთ ამ ერთ მუხლს. ეს პირველი წინადადება მოქმედში წერია. რაც წერია გაუგებარი ქართულიცაა, მომიტევეთ და იურიდიულადაც გაუგებარია. რას ნიშნავს განსხვავებულად განისაზღვროს თანამდებობის პირები. რა, მინისტრი სხვაგვარად უნდა განისაზღვროს, პრემიერი სხვაგვარაად, რას ნიშნავს ეს? ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
ამავდროულად, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წევრების ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი კანონით დადგენილი შეზღუდვები, მაგალითად, 15 ივლისამდე იყოს გაწერილი. თუმცა, კონკრეტული თარიღი დღეს პარლამენტის სხდომაზე განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, პირველი მოსმენით მიიღო.