იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, ელჩებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
"დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული"- ამბობს ბრეგაძე.
27 თებერვალს, ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.
ბრეგაძეს ოფიციალური განცხადება ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა გადასცეს.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.
***
საქართველოს სახალხო დამცველმა 27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფის მორიგი დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ომბუდსმენის კონსილიუმი ექსპრეზიდენტთან 19 თებერვალს იმყოფებოდა.
მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.
კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.