logo
ENG



გაგნიძის ადვოკატები იაკობ ბრეგვაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

26 აგვ 202009:49
3 წუთის საკითხავი
 

ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სარჩელი მზადდება. უწყებაში განცხადებას გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები დღეს შეიტანენ.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც, კანონის გათვალისწინებით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.

"ვაპირებთ, შევიტანოთ განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. კერძოდ, ის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ტოიოტა ქამრის მისვლის დროს სამი პირი გადმოვიდა მანქანიდან და ორ პირს 10 წუთის განმავლობაში სცემდა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იქ სხვა ინციდენტს ჰქონდა ადგილი", - აცხადებს ნემსიწვერიძე.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა, მათ შორის იაკობ ბრეგვაძემაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენება.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა