logo
ENG



განცდა მაქვს, რომ ოცნება ემზადება საკანომდებლო ცვლილების ჩასაგდებად - ეკა ბესელია

13 მაი 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს საერთო განცხადებაზე, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია რვა მარტის შეთანხმების ჩაგდების შესახებ.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა განმარტა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა მმართველ ძალას არ მიეცეს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საბაბი.

„ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთიან განცხადებაზე ორივე საკითხთან დაკავშირებით. რვა მარტის  შეთანხმებაში იყო ორივე პუნქტი, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა ჩანს, რომ მმართველი პარტია ეძებს მიზეზს არშესრულებისა, არ უნდა მივცეთ ამის საბაბი. ოპოზიციამ, რომელიც ხმას ვაძლევთ პარლამენტში კანონპროექტს, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პირობის შესრულება. ჩვენი მიზეზით არ უნდა ჩავარდეს ეს კანონპროექტი, თუ მმართველ ძალას ხმები არ ეყოფა. პრინციპულია ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, ვინც უსამართლოდ იხდის სასჯელს, მაგრამ მათივე გათავისუფლებისთვის საჭიროა ამ ცვლილებების მიღება.

"მე ისეთი განცდა მაქვს, როგორიც მქონდა მაშინ, როცა ვთქვი რომ პროპორციულს ჩააგდება ოცნება - ეს ეტაპი დგება და ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ამ კანონპროექტის მხარადჭერით. ასე გამოჩნდება, ვის რა უტრიალებს თავში", - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეხმაურება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც და ამბობს, რომ ხელისუფლების უტიფარი განცხადებები მხოლოდ ართულებს ვითარებას, შედეგად კი მივიღებთ მეტ კრიტიკას და წნეხს დასავლეთიდან.

„ძალიან დიდი სირცხვილია, რასაც ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს სენატის საგარეო ურთიერთობასა კომიტეტის თავმჯდომარეზე, ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირზე, რომელმაც ყველა წყაროს გათვალისწინებით იცის, რა ხდება - ეს უნდა იყოს გააზრებული და არ შეიძლება ასეთი ყმაწვილური განცხადებების გაკეთება, რომელიც ქვეყანას აზიანებს. „ქართული ოცნების“ განცხადებები ისეთი უმწიფარია, რომ უკვე უკურეაქციას იღებენ. უკვე მესამე განცხადება იყო დღეს ევროპარლამენტარისა პოლიტპატიმრებზე. გაჯიუტება და ჯიბრში ჩადგომა უფრო აზიანებს ვითარებას, ეს როგორ არ ესმით და ვინმეს როგორ არ ჰყოფნის ამის გონი, რომ უთხრას, არ შეიძლება ასე საუბრობდე. ამის რეაქციებსაც სწრაფად ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან რვა მარტის შეთანხმების შესრულების საკითხზე სამსჯელოდ.  ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა შესრულდეს.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა