logo
ENG



გვრიტიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე: არ მგონია სასამართლოს რეპუტაცია ზიანდებოდეს

24 ივნ 202117:08
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა საბჭოს წევრების პირდაპირი ვალდებულება იყო.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე მაინც უნდა იყოს, დღეის მდგომარეობითაც არ არის შესრულებული.

"საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ უზენაეს სასამართლოში არანაკლებ 28 მოსამართლე უნდა იყოს, არ არის დღეის მდგომარეობითაც შესრულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გვაქვს პირდაპირი სამართლებრივი, კანონისმიერი ვალდებულება, რომ ეს პროცედურები განგვეხორციელებინა და ვახორციელებთ კიდეც", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ მოსამართლეების დანიშვნის გამო სასამართლოს რეპუტაცია ზიანდება.

"სასამართლო, მოსამართლე ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. სასამართლოს რეპუტაცია არ მგონია ზიანდებოდეს იმით, რომ სასამართლო ხელისუფლება ასრულებს კანონის მოთხოვნებს", - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კითხვას - უშვებს თუ არა, რომ სასამართლო შესაძლოა, საერთაშორისო დონორების გარეშე დარჩეს, გვრიტიშვილმა ასე უპასუხა: "ამ შესაძლებლობას არ ვუშვებ".

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ საქართველოში 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს გუშინ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოში "მიმდინარე დანიშვნების შეჩერებას" და რომ მათ აიღეს ვალდებულება, გატარდეს მართლმსაჯულების ღრმა და ინკლუზიური რეფორმა, ასევე, მიღებულ იქნეს ახალი კანონმდებლობა უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისთვის. 

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას საელჩომ თან დაურთო შეთანხმების დოკუმენტი, რომელშიც შესაბამისი პუნქტები ყვითლად არის მონიშნული.

საელჩოს ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი პარლამენტში არ შეჩერდება, 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმის პუნქტები კი ხელისუფლებას ხელმოწერამდეც შესრულებული ჰქონდა.

საკითხს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით სიტყვა "პაუზა" წერია და არა "შეჩერება", რაც მისივე თქმით, "ორი სხვადასხვა რამეა".

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეაჩეროს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

close დახურვა