logo
ENG



გოცირიძე: კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ რურუას გაათავისუფლებენ

29 ივნ 202007:58
3 წუთის საკითხავი
clock 379

პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს მესამე მოსმენით უყრის.  საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას დღესაც არ მიიღებს. მიზეზი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა და გიორგი რურუას ამ დრომდე საპატიმროში ყოფნაა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულა.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული და ქართული ოცნება და მისი მმართველი რაიმე ცვლილებებს არ შემოგვთავაზებს. ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება არ შეასრულა და ქვეყანაში კვლავ არის პოლიტიკური პატიმარი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი არ იქნა შესრულებული. ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი თავდაპირველი პოზიციისა. მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ გათავისუფლებული იქნება გიორგი რურუა“, - აცხადებს გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, რურუას პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში, კენჭსყრაში მონაწილეობას არც „ევროპული საქართველო“ მიიღებს.

„არის გიორგი რურუას პროცესიც, საკონსტიტუციო მოსმენაც. რა თქმა უნდა, თუ გიორგი რურუას გამოუშვებენ, დიდი სიამოვნებით შევუერთდებით კენჭისყრას. თუ არ გამოუშებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება შეთანხმებას არ ასრულებს, ქართულ ოცნებას არ უნდა ნორმალიზება, ქართული ოცნება აგრძელებს პოლიტიკურად გამოიყენოს მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის დარღვევა იმ პირობის, რომელიც დადო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

8 მარტს ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდა ორპუნქტიანი შეთანხმება. პირველი ნაწილის თანახმად, პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. კერძოდ, რჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით  მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

ოპოოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, შეთნხმების მეორე პუნქტში საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. კერძოდ, გიორგი რურუაზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავაზე. მართალია, პრეზიდენტმა, უკანასკნელი ორი შეიწყალა, მაგრამ რურუა ამ დრომდე პატიმრობაშია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შეთანხმებაში გიორგი რურუაზე არაფერი წერია.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მმართველ გუნდს არა ერთმა, სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც „ფორმულასთან“ ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.

გარდა ამისა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალმა ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა