logo
ENG



დეგნანი: შერჩევითი სამართალი და სამართლებრივი დევნა - ესეც უნდა შესრულდეს

25 ივნ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის  ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა  ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელობაზე და ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, იხილოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში რაც შეიძლება მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ჩვენც და ყველას სურს, ნახოს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. ამ დროისთვის ორი მოსმენა უკვე გაიმართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს სასამართლო სისტემაში ჩარევას, შერჩევით სამართალს და სამართლებრივ დევნას - ესეც უნდა შესრულდეს. შეერთებული შტატებისთვის ეს იქნება მიღწევა თუ საქართველო მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მრავალპარტიული მხარდაჭერით“, - განაცხადა დეგნანმა.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.


close დახურვა