logo
ENG



ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას დაუბრუნდეს

30 ოქტ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ უკრაინასთან დადებულ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიTwitter-ზე წერს.

"რუსეთის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში რისკის ქვეშ აყენებს ძალიან საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად. ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, რომ მის გადაწყვეტილებას დაუბრუნდეს", - აცხადებს ბორელი.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.

უწყების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აცხადებს უკრაინა ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში შავ ზღვაში არსებულ გემებს 16 დრონით დაესხა თავს. 

რუსეთის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან ტერორისტული თავდასხმა იყო. 

უწყების ცნობით, თავდასხმა 9 საჰაერო და 7 წყალქვეშა დრონს მოიცავდა. რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვის ფლოტის გემებმა და ავიაციამ ყველა დრონი გაანადგურა. 

რუსეთის თქმით, თავდასხმის შედეგად “მცირე დაზიანებები” მიიღო ნაღმმტყორცნმა "ივან გოლუბეცმა" და ასევე დაზიანდა ზღვის ჩრილოეთ ყურეში არსებული ბარიერი. 

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის გემები, რომელსაც უკრაინა თავს დაესხა ჩართულები არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვაში. 

რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა “ბრიტანელი სპეციალისტების” კოორდინაციით მოხდა. 

 

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.

14 ოქტომბერს გაეროში რუსეთის ელჩმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა გაეროს შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის შესახებ საჩივრების წერილით მიმართა. ელჩის თქმით, შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას მომდევნო თვეში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეთანხმებამ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიდო, უკრაინას შესაძლებლობა მისცა, გაეგრძელებინა მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეუძლებელი გახდა. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვმა მიიღო გარანტიები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე. 

Reuters-თან ინტერვიუში გაეროში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ ეს პირობა არ სრულდება და მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის საჩივრების სიაა.


close დახურვა