თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტია მოთავსებული. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირებულებიდან 17-ს პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება 2 კრიტიკულ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა.
„გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 411 პაციენტი ქვეყანაში, დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული. ამ 9 პაციენტის წყაროები რვასთან მიმართებაში ცნობილია, 1 შემთხვევაში დადგენა და მოკვლევა ხდება. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ, ამ ეტაპზე, 313 პაციენტი მკურნალობს ამ 420-დან კოვიდის კლინიკებში.
"ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 46 პაციენტი წევს, აქედან 44-ს დადასტურებული აქვს ვირუსი. 44 დადასტურებული პაციენტიდან, 17 გვყავს პნევმონიით. კრიტიკული პაციენტები საბედნიეროდ აღარ გვყავს. ასეთი ორი პაციენტი გვყავდა და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. 7 მოზარდი რომელიც გვყავს, მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. რამოდენიმე დღეში ალბათ დაგვჭირდება უკვე მათთან გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება და შედეგებს მოგახსენებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის შედეგად ვირუსისგან 53 პაციენტი განიკურნა.
„ახალი შემთხვევა ჩვენთან გუშინ არ დაფიქსირებულია. ორ პაციენტთან ჩატარდა კვლევა და ორივესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა. გამოჯანმრთელებული გვყავს 53 პაციენტი. გუშინ ერთი ახალი გამოჯანმრთელებული შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.
საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.