ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ მზადაა, ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრას - მან ეს განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, თავდაპირველად ის ჩინური ვაქცინით აპირებდა აცრას, თუმცა მას შემდეგ, რაც ასტრაზენეკასადმი ნდობამ იკლო, მზადაა სწორედ ბრიტანული ვაქცინაცია ჩაუტარდეს.
„ადრეც ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია, ყველა საჯაროდ ავიცრათ. გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო აცრა. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, მე ავცრილიყავი ამ ვაქცინით. მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, ვინაიდან, ის რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალებამდე ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ „არ ისარგებლებდა სტატუსით“ და არ აიცრებოდა.
ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ექთნის გარდაცვალებას უკავშირდება მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.
ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.
რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს".
ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ასტრაზენეკას მოაქვს უფრო მეტი სარგებელი ვიდრე რისკი".
მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობის ასამაღლებლად ასტრაზენეკათი აიცრნენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრები. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება კვლავ დაიწყო.