ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.
მათ პარლამენტში შესვლის საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა პარტიის დანარჩენ წევრებს აცნობენ.
მედიისთვის განცხადება 18:00 საათზე გაკეთდება.
პარტიის წევრების ნაწილი პარლამენტში შესვლას ემხრობა.
პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ "ახალ მოცემულობაში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად და "ქართულ ოცნებას" ამ ისედაც მიტაცებულ ქვეყანაში არ ჰქონდეს კომფორტი, ვერ გაიგონ მოქალაქეების ხმა". ამ მიზეზით ის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას უჭერს მხარს.
თუმცა, ენმ-ის წევრების ნაწილის აზრით, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამიტომ მის მუშაობაში არ უნდა ჩაერთონ.
ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიმდინარეობს.
კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც ჩავიდა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ მან რეგიონული ტური მოაწყო და როგორც ამბობს, აზრი ამომრჩეველს ჰკითხა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. ენმ დატოვა და პარლამენტში შევიდა სალომე სამადაშვილი, ასევე, დეპუტატი გახდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 15 დეკემბერს მიიღო.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა.
წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".
2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.