ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება პოლიტბსაჭომ მიიღო, რომელიც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოაცხადა.
გარდა ამისა, მელიას განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მელიას თქმით, პარტიისთვის ერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელია - საუბარია 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე.
"ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს", - თქვა ნიკა მელიამ.
ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიმდინარეობდა.
კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც ჩავიდა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ მან რეგიონული ტური მოაწყო და როგორც ამბობს, აზრი ამომრჩეველს ჰკითხა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. ენმ დატოვა და პარლამენტში შევიდა სალომე სამადაშვილი, ასევე, დეპუტატი გახდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 15 დეკემბერს მიიღო.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა.
წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".
2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.