logo
ENG



ექსპერტები კობახიძის განცხადებაზე: ეს არის ფეიკნიუსი - სიცრუის მანქანა

13 მაი 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო ურთიერთობათა დარგის სპეციალისტები ფეიკნიუსს უწოდებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას და ამბობენ, რომ სენატორი ჯიმ რიში ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც განსაზღვრავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

როგორც ექსპერტი დავით სიხარულიძე განმარტავს, ჯიმ რიში საქართველოს ერთგული მეგობარია და აშშ-სგან მიღებული დახმარებების დიდი ნაწილის მონაწილეც.

„ეს არის ფეიკნიუსი - სიცრუის მანქანაა, ეს ხალხი არის საქართველოს ერთგული მეგობრები. ის ხალხი, ვისაც ინსტიტუციურად ეხებათ საკითხები - სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არის ადამიანი, ვინც აშშ-ის საგარეო ურთიერთობებითაა დაკავებული და არის საქართველოს მოკავშირე. ყველა ის კანონპროექტი თუ დახმარება, რასაც ჩვენ აშშ-სგან ვიღებთ, ამ ადამიანის მხარდაჭერილიცაა", - ამბობს დავით სიხარულიძე.

თინა ხიდაშელი კი არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. მისივე თქმით, თუკი ოპოზიციას ამხელა გავლენა აქვს პარტნიორებზე, ეს კიდევ უფრო მეტად მიანიშნებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა წავიდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

თინა ხიდაშელი ამბობს იმასაც, რომ ასეთი არაადეკვატური ენით საუბარი პარტნიორი ქვეყნის დიპლომატებთან მხოლოდ საქართველოსთვი იქნება საზიანო.

„როცა ის ამბობს, რომ ერთი პარტია ახერხებს შეცდომაში შეიყვანოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამის შემდეგ რატომ არ უჩნდება სურვილი, რომ სახლში წავიდეს? ასეთ მარტივ ამოცანას ვერ ართმევს თავს - სირცხვილია უბრალოდ. არცერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში და არც აღმ. ევროპაში არ უკადრია შანტაჟის ენით ლაპარაკი იმ ქვეყნის დიპლომატებთან, რომლებზეც სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული მათი ქვეყნის არსებობა. რაც თალაკვაძემ იკადრა, იმდენად ენით აუწერელი იყო, რომ მერე კობახიძემ სად რა თქვა, უკვე არაფერია. ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ავალებთ მათ ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე. მისი თქმით, დეპუტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის ოპოზიცია. მისივე თქმით, განცხადებებს ავრცელებენ ერთი და იგივე ადამიანები, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთი და იგივე ხაზი აქვს გაჭრილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხაზებით მუშაობს.

რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.

close დახურვა