logo
ENG



ვაშაძე: ვიწყებთ კამპანიას - მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის

02 მარ 202311:10
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იწყებენ  ახალ კამპანიას სახელწოდებით "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის". ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ის, რასაც მმართველი პარტია არ ასრულებს.

"შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას - მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის, მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და NATO. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ფონზე ქართული ოცნება, პირდაპირ ვთქვათ, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზება პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანება", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ კამპანიას იწყებენ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, ქართველი ხალხის მანდატით პირდაპირ დაიწყონ საუბარი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპაში და ამით მკაფიოდ დააფიქსირებენ ქართველი ხალხის აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში ამ კუთხით კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

მაშინ, როცა მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, მას აქტიურად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა