logo
ENG



ვაშაძე: თუ ორგანიზებული კამპანია არ გაჩერდება, ყალბ ანგარიშებს გავასაჯაროებთ

26 აპრ 202116:30
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: თუ ორგანიზებული კამპანია არ გაჩერდება, ყალბ ანგარიშებს გავასაჯაროებთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის გვერდებზე სოციალურ ქსელში ნეგატიური კამპანია წარმოებს ქართული ოცნებისა და ერთერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მხრიდან.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუკი ეს კამპანია გაგრძელდება, პარტია გაასაჯაროვებს ინფორმაციას ყალბი ანგარიშებისა და მათი აქტივობების შესახებ.

„ბოლო პერიოდში ჩვენს გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება ქართული ოცნებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და ფეიქექაუნთების, რაც  მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე. 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფილების უმეტესობა არის ფეიქექაუნთი ანუ შექმნილია მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. 

ვწუხვარ რომ, ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ეს ფორმა აირჩიეს! თუ ეს კამპანია არ შეჩერდება, უფლებას ვიტოვებთ, გავასაჯაროვოთ ეს ექაუთები კომენტარებთან ერთად", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიას გირაოზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ლელოს ინიციატივას ენმ-ის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.


close დახურვა