logo
ENG



ვითარება შოვში, სტიქიის ზონაში - განახლებადი

17 აგვ 202323:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/2rl6ajoo3xfkj12.jpg

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

15.08 - 18:45

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

14.08 - 17:10

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ასევე ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარის ფრაგმენტი.

 

მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% გადამოწმებულია

13.08 - 12:11

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით გარდაცვლილთა სტატისტიკა არ შეცვლილა. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და ამ ეტაპისთვის, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% გადამოწმებულია.

 

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა

13.08 - 10:37

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა.

სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა.

 

"საფრთხის შემცველი არ არის" - გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში ქვათაცვენაზე

12.08 - 14:05

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საფრთხის შემცველი არ არის.

"აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის", - აღნიშნავენ სააგენტოში.

 

ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა

12.08 - 12:20

გუშინ ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა.

შოვში კლდოვანი მასა ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ღამით ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს მაშველებმა, თავდაცვის ძალებმა და ტექნიკამ.

დილით კი რეგიონის რწმუნებულის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მხრიდან ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდა.

პარმენ მარგველიძე - სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად თან ახლავს იმ მასშტაბის სტიქიებს, რაც შოვში 3 აგვისტოს განვითარდა.

მისი თქმით, დილით ქვათაცვენა აღარ დაფიქსირებულა და შესაბამისად სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა ძალებმა და ტექნიკამ ტერიტორიაზე მუშაობა გააგრძელა.

 

მღებრიშვილი: დღეს ერთ-ერთი ცხედარი მდინარის კალაპოტში, ეპიცენტრიდან 20 კმ-ში ვიპოვეთ

11.08 - 20:27

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ში იპოვეს.

მისი თქმით, დღის განმავლობაში სტიქიის ზონაში, მდინარის კალაპოტში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს - მათგან 1 ეპიცენტრიდან 20 კილომეტრში, დანარჩენი 2 კი 2კმ-ში. სამივე ცხედარი პროზექტურაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, მღებრიშვილის თქმით, დღეს სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს ადამიანის ქვედა კიდურიც, რომელიც ასევე პროზექტურაში გადაიტანეს.

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

11.08 - 18:09

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში კიდევ 2 ცხედარი იპოვეს. 

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

11.08 - 12:15

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდურიც და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

 

შოვში დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის

09.08 - 20:56

შოვში დღეს ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ქეთევან ლობჟანიძეს ეკუთვნის. ინფორმაცია ფორმულას დაღუპულის შვილმა დაუდასტურა.

 

"500 000 კუბური მეტრი კლდეზვავური მასა მოწყდა ბუბასწყლის ხეობიდან" - გარემოს ეროვნული სააგენტო

09.08 - 19:09

გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. მათი განცხადებით, 500 000 კუბური მეტრი კლდეზვავური მასა მოწყდა ბუბასწყლის ხეობიდან, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო ამ მოწყვეტის შედეგად და ეს ხეობა მთლიანად გამოიარა.

 

 

 

ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

09.08 - 14:36

ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.

"ოცნების ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, ჰპირდებოდა მრავალი წელი მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის ბიუჯეტში, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის დანერგილი", - ამბობს ბოკუჩავა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდა საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია.

ბოკუჩავას თქმით, მეორე საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლოს კომისიამ სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტურობა და ადეკვატურობა.

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

09.08 - 14:04

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა.

 

შოვში სტიქიისას დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

09.08 - 11:04

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. 

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. 

 

შოვში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული გენადი სულთანიშვილია

09.08 - 10:35

შოვში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული გენადი სულთანიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის წევრები ადასტურებენ.

გენადი სულთანიშვილი ანსამბლ ბუბას წევრი იყო.

გარდა ამისა, ის შოვში, კოტეჯებში არსებულ სასადილოში მზარეული იყო. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლას მკვიდრი იყო.

 

მინისტრის თქმით, ნაპოვნი პირის მონაცემები არასწორად იყო მითითებული და ის შოვში საერთოდ არ ყოფილა

08.08 - 23:36

რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თბილისში ნაპოვნ პირთან, ზურაბ ბიბილეიშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი სახელი და გვარი არასწორად იყო მითითებული და ის შოვში საერთოდ არ ყოფილა.

 

მღებრიშვილი: მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხალია

08.08 - 20:49

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ცოცხალია. მისი ინფორმაციით, ბიბილეიშვილს პოლიციამ თბილისში მიაგნო.

 

ქარსელაძე: სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 8 ძირითადი ლოკაციაა გამოყოფილი პრიორიტეტულად

08.08 - 17:09

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები ძირითადად 8 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესში ჩართულია 90-მდე მძიმე ტექნიკა.
 

მოქალაქე: ტყე-ტყე ვიარე, ნაკვალევი ვიპოვე... დამიცურდა ფეხი და ჩავვარდი, ძლივს ამოვფოფხდი

08.08 - 13:54

ელგუჯა გუტაშვილი, რომელიც გლოლადანაა, იმ დღეს იხსენებს, როდესაც შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. ფორმულასთან ის ყვება, რომ სტიქიის დღეს თბილისში იყო, მეორე დღეს კი რაჭისკენ წამოვიდა. ის თავისი ბიძაშვილის, გელა გუტაშვილის ორ შვილს ეძებს.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ელგუჯა გუტაშვილის ფოტო, რომელიც სტიქიის მომდევნო დღეებშია გადაღებული.

"თბილისში ვცხოვრობ, ნახალოვკაში. ღამით ძმაკაცები სტუმრად მყავდნენ ბიჭები. შუაღამისას ინტერნეტში ვნახეთ, ასეთი რაღაც ხდებაო, იმათ არ იცოდნენ, რომ აქედან ვიყავი... მეორე დღეს "მარშუტკები" არ მოდიოდნენ, ყველას ეშინოდა. ერთ ტაქსის ვუთხარი არაო, მეორე, მესამე და მეოთხე გავაჩერე და ვუთხარი 200 დოლარს გაძლევ და წამიყვანე-მეთქი. გარისკა და წამოვიდა. ჩამოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა. ამოვედი საღამოსკენ, არ მისული შოვის ხიდთან, მანქანით არ მიგვიშვეს, ფეხით წავედი. ტყე-ტყე ვიარე, ტყის თავს ვეძახით, სათიბია, ერთი ადამიანის ნაკვალევი ვიპოვე, არ ვიცი, ვისი იყო, მეთქი ხომ არავისია... კინაღამ ტყის თავამდე ავედი... იქ რაღაც მეწყერივით იყო, დამიცურდა ფეხი და ჩავვარდი დაბლა, როგორც იქნა ამოვფოფხდი და გადმოვედი და ფეხით ჩამოვედი... გლოლის ბოლოში ვცხოვრობ, ვცხოვრობ რა, ბებიაჩემს და ბაბუაჩემს აქვთ სახლი... გელა არის ბიძაშვილი, ორი ბავშვი ჰყავს დაკარგული... გელასთან რომ მივედი, რას შვები გუჯა როგორ ხარო... აქეთ მამშვიდებდა", - ამბობს ელგუჯა გუტაშვილი.

 

 

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

08.08 - 12:11
 

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. მაშველებმა ცხედარი შოვის მისადგომებთან, მდინარეში ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, დაღუპული ქალია.

 

კობახიძე: სახელმწიფო დამატებითი რესურსი სჭირდებოდა და აზერბაიჯანს უარი უთხრა? არასერიოზულია 

08.08 - 11:59

"თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და, მაგალითად , აზერბაიჯანს უთხრა უარი? ამ კითხვის დასმა, სერიოზულია? ვერტმფრენთან დაკავშირებითაც ტყუილია. შუქი არ ჰქონდა ვერტმფრენსო რომ ამბობთ, არასერიოზულია. თქვენ ისიც არ იცით, რას ნიშნავს ღამის ხედვის აპარატურა, გგონიათ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს".

 

პაპუაშვილი შოვზე: სულ რაღაც სამ საათში მივიდა ვერტმფრენი

08.08 - 11:19

"3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი სამუშაო ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა".

 

"რაც დრო გადის, უფრო ვისტრესებით - მაშო რომ არა, შეიძლება, შევგუებოდი ამ ჯოჯოხეთს" - ჯელაძე

07.08 - 22:22

შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ტრაგედიის დღეს იხსენებს. როგორც ჯელაძემ ფორმულას გადაცემა ღამის კომენტარში თქვა, მას დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში დაახლოებით 400 მეტრის გასავლელად და მეწყერს გადარჩენილ უახლოეს სასტუმრომდე მისასვლელად ორ საათზე მეტი დასჭირდა.

 

"პანიკაში ვიყავით, არ მეგონა რომ გადავრჩებოდით" - რას ჰყვება სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე

07.08 - 20:48

სასტუმრო სანსეტ შოვის დამსვენებელი, ანა ტატიშვილი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა, ფორმულასთან 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

ტატიშვილი ამბობს, რომ სანსეტ შოვში დამსვენებლების დიდი ნაწილი, მათ შორის ბავშვები სტიქიას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ შენობის სასადილო ზონაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სტიქია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

მღებრიშვილი: ვიპოვეთ მანქანის ფრაგმენტები, შეიქმნა ახალი ლოკაცია სამძებრო სამუშაოებისთვის

07.08 - 20:30

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ამბობს: "[სამძებრო] სამუშაოები გრძელდება. დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ, ახალი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც დაიწყო სამუშაოები. აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები - რაც გახდა საფუძველი... შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ იქ კონკრეტული შედეგები შეიძლება გვქონდეს საძიებო კუთხით. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით, მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, ორივე მიმართულებით ფაქტობრივად დასრულებულია გზა"

 

დავითაშვილი შოვზე: მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში

07.08 - 16:06

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".

 

მღებრიშვილი შოვზე: ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო გამოძიება, საქმე აღძრულია 2 მუხლით

07.08 - 11:14

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. მისი თქმით, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

 

ონის მერის თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული

07.08 - 09:38

ონის მერის სერგო ხიდიშელის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული. მისივე თქმით, 16 მოქალაქე ჯერ კიდევ იძებნება.

"18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, ყველა სამინისტრო არის ჩართული...", - აცხადებს ხიდიშელი. 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს და სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს

07.08 - 09:20

გარემოს ეროვნული სააგენტო 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

წინასწარ ანგარიშში ნათქვამია, რომ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურამ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.

სააგენტოს მტკიცებით, 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და "მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია".

 

ბურჭულაძე: შოვში დაღუპულ ადამიანებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს

15:42

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.

"დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ჩვენ ვუყურეთ აქ, ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც ამოვიყვანეთ" - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

"დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია" - კალაძე

13:29

კახა კალაძემ სტიქიის ზონიდან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიისა და უბედურების დაზღვევა "შეუძლებელია".

"სტიქიისა და უბედურების აცილება, არ ვიცი, თქვენ ნახავდით, ალბათ, კადრებსაც, სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაში რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა, უდიდესი უბედურება დატრიალდა, სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება შეუძლებელია", - განაცხადა მან.

 

ენუქიძის თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული

13:23

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული.

"12-ის იდენტიფიცირება მოხდა პოლიციის მიერ და 6 მათგანი ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი. 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ხიდის აღდგენამ გაამარტივა ტექნიკის მოძრაობა. ორი მიმართულებით მიდის გზის აღდგენა და რა თქმა უნდა, პრიორიტეტი აქვს მოძიებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე 25 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ჯამში, 80 ერთეულ მძიმე ტექნიკას ველოდებით", - ამბობს ენუქიძე.

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

11:43

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

 

შოვში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული დავით ბერიაშვილია

11:19

შოვში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული დავით ბერიაშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.

 

ევროპის საბჭოს ოფისი: ვუსამძიმრებთ შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახსა და მეგობრებს

10:30

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და მეწყრის შედეგად დარუპულთა ოჯახებ უსამძიმრებს.

"ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთრომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კობახიძე შოვზე: არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ - ამის საჭიროება არ არსებობს

5.08 - 22:39

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად მიიჩნევს, რომ რაჭაში, კურორტ შოვში სამძებრო სამუშაოებისთვის ყველა საჭირო ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო მეზობელი ქვეყნებისგან დამატებითი ტექნიკისა და ვერტმფრენის თხოვნის საჭიროება არ არის.

მისივე თქმით, "არაერთი ქვეყანაა, რომლისთვის მთავრობას შეუძლია მიმართოს", თუმცა, კობახიძის აზრით, "ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს".

 

ზურაბ აზარაშვილი: დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია

5.08 - 22:07

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში 7-8 ბავშვს ეძებენ. აზარაშვილი ამბობს, რომ სამძებრო სამუშაობი ახლაც გრძელდება.

 

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-17 ადამიანის ცხედარი იპოვეს

5.08 - 20:42

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან. 

 

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევაა

19:40

საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების განყოფილების ცნობით, შოვში სტიქიას რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა ემსხვერპლა.

წარმომადგენლობის ცნობით ტრიჩევას ცხედარი მისმა ახლო მეგობარმა დღეს ამოიცნო.

"დღეს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - ცხედარი მისმა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ამოიცნო.

ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს" – წერია განცხადებაში. 

 

თურქეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, თანაგიგრძნობთ, საქართველო!

19:33

თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთსაქართველო!", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კრამონი: ჩემი გული და გონება ამ ბუნებრივი ტრაგედიის მსხვერპლთა გვერდითაა

19:23

"ძალიან ვწუხვარ ამ საშინელი სურათებისა და ახალი ამბების გამო საქართველოდან. ჩემი გული და გონება ამ ბუნებრივი ტრაგედიის მსხვერპლთა გვერდითაა", - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე. 

 

შვედეთის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს

19:16

შვედეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

"შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და გულწრფელად უსამძიმრებს რაჭაშიშოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებსჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციასვიმედოვნებთრომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საბერძნეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო

18:49

საბერძნეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან რჩება. ჩვენი იმედები, სურვილები და გამხნევება თან ახლავს სამაშველო ჯგუფებს დაუღალავი ძალისხმევის პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა 

5.08 - 18:47

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, 16 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ცნობით, დღეს ნაპოვნი ცხედრები ე.წ კოტეჯების ლოკაციაზე ნახეს.

 

ავსტრიის საელჩო შოვზე: იმედია, ყველა, ვინც დაკარგულად ითვლება, უვნებლად დაბრუნდება სახლში

18:10

ავსტრიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

"ავსტრიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ავსტრიის საელჩო თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოებს და დიდ იმედს გამოთქვამსრომ ყველა ადამიანივინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულადსწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

იკოლენკოს ცნობით, შოვში დაღუპული ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო

18:02

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის იგორ ნიკოლენკოს ცნობით, შოვში სტიქიისას დაღუპული ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო. მის შვილს კი ამ დრომდე ეძებენ.

ნიკოლენკოს თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩო დაღუპულის ოჯახთან კონტაქტზეა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, რათა ცხედრის გადასვენება მოხდეს.

"მისი შვილის ძებნა, რომელიც ასევე ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა, გრძელდება. საქართველოში უკრაინის საელჩომ დაამყარა კონტაქტი დაღუპულის ნათესავებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა ცხედრის სამშობლოში დაბრუნება მოხდეს. იმავდროულად, ჩვენ ვამოწმებთ, იყვნენ თუ არა სხვა უკრაინელებიც სოფელ შოვში" - განაცხადა ნიკოლენკომ.

დღეს შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. ინფორმაცია ზაზა მესხის ყოფილმა ცოლმა, სინტა დეპონტი გაავრცელა.

 

ბულგარეთის საელჩო: ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას

18:01

ბულგარეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, კურორტ შოვში მომხდარი მასიური მეწყრის დროს მრავალი დაღუპულისა და დაკარგული შესახებ. ბულგარელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას", - წერია განცხადებაში.

 

გერმანიის ელჩი საქართველოში: ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის

 17:48

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.

"გერმანიის სახელით რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის დროს დაზარალებულებს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებ. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისათვის" - ნათქვამია განცხადებაში.

 

მღებრიშვილი შოვზე: ამ დროისთვის 15-დან 7 ცხედარია იდენტიფიცირებული

17:42

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია.

"ამ დროისთვის 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, დღის მანძილზე მდინარის კალაპოტში 2 მანქანა იპოვეს და ამ დროისთვის მათ ამოყვანას ცდილობენ. მღებრიშვილის ცნობით, ამ მანქანებში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

 

იაპონიის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

17:36

იაპონიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებსიმედს ვიტოვებთრომ ყველა ადამიანივინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულადსწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში.

გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველებისპოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართულიასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-15 ადამიანის ცხედარი იპოვეს

16:22

შოვში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვის - ამ დროისთვის გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან. 

 

5.08 - 16:00

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 22 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 

 

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

15:21

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

 

შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი ამოიცნეს 

14:29

შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი, სინტა დეპონტი ავრცელებს.

ზაზა მესხი ცოლთან და სამ შვილთან ერთად უწერაში ისვენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 აგვისტოს ოჯახი შოვის მოსანახულებლად ავიდა. ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობს და საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა.

"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა პოლიკოვსკა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი", - წერს სინტა დეპონტი.

 

 

ვარჰეი: სამძიმარს ვუცხადებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად

14:24

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი სამძიმარს უცხადებს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

"სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებსვიმედოვნებრომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდებაჩვენ ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს Twitter-ზე ევროკომისარი.

 

"ეს ერთი დამრჩა, ეს ძაღლი არ ვიცი, როგორ გადარჩა"...

13:35

მარიტა გუტაშვილის ოჯახის წევრებს ამ დრომდე სტიქიის ზონაში ეძებენ

 

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს 

13:25

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებითმ, დაღუპულია 12 ადამიანი. 

 

"2020 წელს მოხდა იგივე, გაგაფრთხილეთ, შეგემოწმებინათ" - მოქალაქე, რომელიც ახლობლებს ეძებს

13:16

მარიტა გუტაშვილი, რომელიც სტიქიის ოჯახში ოჯახის 9 წევრს ეძებს, ამბობს, რომ სამი წლის სინ შოვში იგივე განმეორდა და მაშინაც დახმარება ითხოვა. ის ითხოვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

"2020 წელს მოხდა იგივე, მეც იქ ვიყავი და გადავრჩი. არ ვიცი, რაღაც მფარავს და გადავრჩი, გადავრჩი რომ თქვენთან [მთავრობასთან] მოვიდე და მოგაკითხოთ. 2020 წელს მოხდა იგივე, გაგაფრთხილეთ, რომ შემიმოწმეთ მთა. ვერ ვხედავ ამ თვალებით, არ ვარ სპეციალისტი, არ ვარ იმის სპეციალისტი, რომ მთის სიღრმეში რა წყალია შევამოწმო, არ მაქვს აპარატურა. მაგისთვის ვიყიდო და ვისწავლო?", - ამბობს მოქალაქე. 

 

კობახიძე შოვში სტიქიაზე: არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა

13:17

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიასთან დაკავშირებით "დასკვნების გამოტანა" არ უნდა იჩქარონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ახლა არის, გასაგებია, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ, სასურველია, არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.

 

 

შსს: მათი ოჯახის წევრები, ვისთან დაკავშირება ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ

12:32

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილეები იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ.

 

 

ამ ეტაპისთვის შოვში დაღუპულების ნაწილია ამოცნობილი

12:28

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული და ნაპოვნი 11 ცხედრიდან 6 პიროვნებაა ამოცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანარჩენი ცხედრების ამოსაცნობად დნმ ანალიზები ჩატარდება.

ბარნაბიშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად იჭრება გზა, რათა ორივე მხრიდან მეწყრულ მასას მიუდგნენ მაშველები.

"11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება. ისინი არიან პროზექტურაში და მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. 

 

 

ბურჭულაძე: მთელი შემადგენლობა გადაყვანილია, მუშაობენ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები

12:21

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში მონტაჟდება დროებითი ხიდი, რომელსაც მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად გამოიყენებენ. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხედრები იპოვეს.

 

27 ივლისი-4 აგვისტოს სატელიტური ფოტოები

12:19

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი Landsat-ის მიერ 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს. მათი თქმით, გარჩევადობა დაბალია, თუმცა სავარაუდოა, რომ დროის ამ შუალედში მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია.

 

2015 წლის განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობას აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ორი ვერტმფრენი უნდა შეესყიდა 

12:16

სტრატეგიული კვლევების სპეციალისტი გიორგი შაიშმელაშვილი:
 
"2015 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავრობა განკარგულებას გამოსცემს და გადაწყვეტს ამერიკული გრანტის ფარგლებში შეიძინოს ორი ვერტმფრენი. ანუ, ფაქტობრივად, ამერიკელები გვჩუქნიან ორ ვერტმფრენს. საუბარია შეიარაღებულ ძალებში დღეს არსებული იროკეზების გაუმჯობესებულ ვარიანტზე. 2016 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს მთავრობა ახალი განკარგულებით აუქმებს ამ გადაწყვეტილებას და კარგა გვარიანი ჯარიმის გადახდაც უწევს მომწოდებლისთვის. ალბათ იფიქრებთ რა მოხდა არასრულ ერთ წელიწადში, არაფერი, მინისტრი ხიდაშელი ჩაანაცვლა მინისტრმა იზორიამ. 2016 წლის ნოემბერში უკვე მომხდარია ვერეს ხეობის ტრაგედია და ამ ფონზე ძნელი დასაჯერებელია ვინმეს შეეჩერებინა ვერტმფრენების შესყიდვა, მით უფრო ამერიკული გრანტით. ჰკითხეთ იზორიას". 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს

12:09

სააგენტოში აცხადებენ, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

"აღსანიშნავია, რომ მდ.ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება ყოველწლიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის, სააგენტოში განმარტავენ, რომ 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა:

"ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)".

 

ქარსელაძე: წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება

11:32

"წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები.ყველაფერი კეთდება რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება. პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისთვის ,რომ ვიპოვოთ ის ადამიანები რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება", - ამის შესახებ სტიქიის ზონიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

 

საგანგებო მოქალაქეებს მოუწოდებს, დრონების გამოყენების გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიიღონ

11:20

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიიღონ. უწყება აღნიშნავს, რომ ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხისშემცველია.

 

ბრიტანეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო

11:00

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ერმაკი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართულ საზოგადოებას დატრიალებული სტიქიის გამო

23:00

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართულ საზოგადოებას დატრიალებული სტიქიის გამო, რომელიც ქართველ ხალხს დაატყდა თავს.

მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილების ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად და სოფელ შოვში მეწყრის შედეგად ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ". 

 

უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე შოვის ტრაგედიას ქართულად გამოეხმაურა 

22:17

"ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს".

 

ბურჭულაძე: დაიძრა ასეული ქუთაისიდან და რეზერვისტების გვარდიის შემადგენლობიდან

21:38

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დაიწყეს მობილიზება სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

"დაიძრა ქუთაისიდან ერთი ასეული დასავლეთ სარდლობიდან და რეზერვისტები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც არიან სპეციალურად აღჭურვილნი და მომზადებულები. ასევე მობილიზება მოვახერხეთ საინჟინრო საშუალებების, ჩამოვიტანეთ გასაშლელი ხიდი, დავიწყეთ აწყობა და ღამის მიუხედავად ავაწყობთ ამ ხიდს, რამდენიმე საათი სჭირდება და გამთენიისას ხიდი იქნება სრულად გამართული და ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს გაუადვილებს გადაადგილებას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სამინისტროს მძიმე ტექნიკაც ჩაერთვება.

 

არახამია: ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ხალხის ტრაგედიაცაა, ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს

20:53

უკრაინის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის ტრაგედია უკრაინის ტრაგედიაცაა.

"მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოსრაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაშიშუაგულ ომშიც კიჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზეროგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერსქართველებს გვერდითქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცააპირადად ჩემთვის კი - განსაკუთრებითკიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის", - წერს არახამია.

 

საფრანგეთის საელჩო: ვიმედოვნებთ, შოვში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს

20:46

საფრანგეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ.

"საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ, სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები 

20:45

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

"თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

"ღვარცოფი საშიშროებას უქმნის შოვის ინფრასტრუქტურას" - რა წერია სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში

18:53

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში აღნიშნულია, სოფელ გლოლაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია. აღნიშნული ბიულეტენი მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.

როგორც გუჯარაიძე წერს, სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. მისივე თქმით, 2022 წლის ანგარიში სააგენტომ მათ არ მიაწოდა.

"სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს", - აღნიშნავს გუჯარაიძე.

საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალური საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს:

"ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ, საშიშროების რისკი - მაღალი".

გასატარებელ ღონისძიებებში მითითებულია, რომ საჭიროა მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-დაღრმავება და ბოროტების გამაგრება: ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.

 

 

დანიის ელჩი შოვზე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვიმედოვნებთ, რომ ყველას მალე იპოვიან

18:29

დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დარუპულთა გამო ღრმა მწუხარებას გამოითქვამს.

"ნება მომეცით საქართველოში დანიის საელჩოს სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც დაკარგულად ითვლება, მალე იპოვიან და უსაფრთხოდ იქნებიან", - წერს დანიის ელჩი საქართველოში.

 

ლიეტუვას საგარეო: მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო

18:10 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ჩვენ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშვებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება სამაშველო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის უფროსის კომენტარი ცხედრების გადმოსვენებაზე

18:09

"იცით თქვენ რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 მეტრის რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას პროზექტურის მიმართულებით",- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

მღებრიშვილი: მზად ვართ, დაკარგულთა ოჯახის წევრები სტიქიის ეპიცენტრში ვერტმფრენით შევიყვანოთ

18:08

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მზად არიან დაკარგულთა ოჯახის წევრები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გადაიყვანონ და ვითარება აჩვენონ. მღებრიშვილი იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ თუ რა მძიმე სიტუაციაა", - თქვა თემურ მღებრიშვილმა.

 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შოვში დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას, მოთმინებას ვუსურვებ

17:41

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მეწყრის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას უსურვებს.

"ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებრომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირავუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებშიხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ", - წერს Twitter-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

კალაძე: სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო 

17:32

"ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე", - თქვა კალაძემ. 

 

კალაძე შოვზე: აუცილებლობის შემთხვევაში, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს ღონისძიებებში

17:30

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია, მზადაა, ჩაერთოს შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში.

ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზად არის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავერთოთ აღნიშნულ ღონისძიებებში, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება." - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს მან "რაჭას და სრულიად საქართველოს მშვიდობა უსურვა" და მოსახლეობას მოუწოდა "ყველამ ვილოცოთ მათი [დაკარგულების] გადარჩენისთვის".

 

ლატვიის საგარეო: თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში დაღუპულთა ოჯახებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე

17:27

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

"თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და იმედი გვაქვს, დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

"მთელი დღე უპატრონოდ არიან დატოვებულები, არ უნდა გადაასვენონ?!" - მოქალაქე სტიქიის ზონიდან. 

16:37

"დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ... ერთად დავასვენეთ აქ, რომ ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანა, ისევ აქ დაგვხვდნენ. მთელი დღე უპატრონოდ არიან დატოვებულები, არ უნდა გადაასვენონ?! ახლა არის 3 საათი" — მოქალაქე სტიქიის ზონიდან

 

უკრაინის საელჩო: ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე

16:30

უკრაინის საელძო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ შოვშიმეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებითვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებით ქედს ვიხრით მათ წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავრობის გეგმა სამაშველო ვერტმფრენების შესახებ ბოლო 10 წლის განმავლობაში

16:09

 

სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

15:47

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს. 

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება

14:18

შოვში მომხდარი სტიქიის გამო ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს

14:12

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა. 

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

 

სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

10:54

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

"ამ დროისთვის ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი" - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული

10:50

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო გუბერნატორისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით დღეს ვერტმფერნმა სულ 9 ფრენა განახორციელა, რის შედეგადაც სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 140 ადამიანი, ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

დრონით გადაღებული კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან

4 აგვისტო, 10:44

საგანგებო: სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა

4 აგვისტო, 10:17

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა "ფაქტობრივად არაფერი აღარაა".

"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე იმიტომ, ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე მაშველები. სწორედ მაგიტომ ხდება ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ იქამდე"- თემურ მღებრიშვილი.

 

ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება

4 აგვისტო, 10:06

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან. მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

 

ქარსელაძე: გამოყვანილია ყველა ადამიანი, ვინც მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებოდა

4 აგვისტო, 10:03

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ მომენტისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია ყველა ის ადამიანი, ვინც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.

"ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით"

 

"სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი" - შსს-ს განცხადება მეწყერთან დაკავშირებით

4 აგვისტო, 10:01

შსს-ს ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი. სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

 

"არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ მკვდრები" - მოქალაქე სტიქიის ზონაში შვილს და სამ შვილიშვილს ეძებს

4 აგვისტო, 09:46 

რაჭაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, სტიქიის ზონაში შვილსა და სამ შვილიშვილს ეძებს.

როგორც ქალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს და არ აქვს ინფორმაცია, ცოცხლები არიან თუ არა.
 

შსს: ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა - სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი

4 აგვისტო, 09:34 

შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა - სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი. ვერტმფრენმა შოვში მუშობა დღეს დილას განაახლა.

 

შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა

3 აგვისტო, 21:32

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, მაშველებმა მათი ცხედრები სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს იპოვეს.

 

შოვის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა

3 აგვისტო, 18:20

სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი კურორტი შოვის ტერიტორიაზე ჩაფრინდა. ვერტმფრენმა ტერიტორიამდე მისვლა მეწყრის ჩამოწოლიდან დაახლოებით 3 საათში შეძლო.

 

შოვში მეწყერი ჩამოწვა - მოქალაქეები მაშველებს ელოდებიან

3 აგვისტო, 16:00

შოვში მეწყერი ჩამოწვა. ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება.

ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა