logo
ENG



ვოლოდინი: ვისაც ეხება მობილიზაცია, კომისარიატის ნებართვის გარეშე რუსეთის დატოვება ეკრძალება

29 სექ 202221:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/29/6dtzol5yw5u74bl.jpg

რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ კანონის მიხედვით, იმ ადამიანებს, ვისაც ეხებათ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება.

მისი თქმით ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც მობილიზაციასთან დაკავშირებით იღებენ ეხება იმ მოქალაქეების მხრიდან ქვეყნიდან გასვლას, ვინც სამხედრო სამსახურებში არიან დარეგისტრირებული.

ვოლოდინი განმარტავს, რომ ყველამ ადამიანმა, ვისაც ეხება სამხედრო გაწვევა უნდა იხელმძღვანელოს კანონით, რომელიც მობილიზაციის მომენტიდან კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვებას კრძალავს.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ  "წვრთნების მობილიზაციისა და რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის შესახებ" კანონის მიხედვით, მოქალაქეებს, ვინც სამხედრო ძალებში არიან რეგისტრირებულნი, მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან სამხედრო კომისარიატის ნებართვის გარეშე ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება. კანონში ამგვარი ნორმა არსებობს და ყველამ ვისაც ეხება სამხედრო სამსახური ამით უნდა იხელმძღვანელოს“ - განაცხადა ვოლოდინმა.

ვოლოდინის თქმით, ხშირად მიმართავენ მობილიზაციის შესახებ კითხვებით და მიუთითებენ დაშვებულ შეცდომებზე.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მოხდა იმ ადამიანების გაწვევა, ვინც დადგენილ ასაკობრივ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ვოლოდინი აცხადებს, რომ სამხედრო კომისარიატები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამგვარი შეცდომები გამოასწორონ.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქციებზე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები გადასცეს. პარალელურად იმართებოდა შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ. 

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-მა განაცხადა, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.


close დახურვა