logo
ENG



ზელენსკი: ყველა რუს სამხედროს, ვინც დაგვნებდება, უკრაინა 3 გარანტიას აძლევს

25 სექ 202210:35
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ყველა რუს სამხედროს, ვინც დაგვნებდება, უკრაინა 3 გარანტიას აძლევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები უკრაინაში ბრძოლისას საკუთარი სურვილით დანებდებიან, მათ უკრაინა ცივილიზებულად მოეპყრობა, რუსეთი ვერ შეიტყობს, რომ დანებება ჯარისკაცის სურვილით მოხდა და ასევე უზრუნველყოფენ, რომ ეს სამხედროები რუსეთში არ დაბრუნდნენ.

ამის შესახებ ზელენსკიმ 24 სექტემბრის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევითი არაა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას რუსეთშივე მყისიერად "საფლავების მობილიზაცია" უწოდეს.

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აღელვებს ადამიანების სიცოცხლე და იცის, რომ საკუთარ ახალწვეულებს პირდაპირ სიკვდილთან აგზავნის.

ამიტომ უკრაინის პრეზიდენტის აზრით, უმჯობესია, რუსეთის ჯარისთვის ახლადმობილიზებული ადამიანები არ დაემორჩილონ გაწვევას, გაექცნენ მობილიზაციას, ვიდრე უკრაინაში ბრძოლისას დაიღუპონ.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მათ უკრაინაში ბრძოლა მოუწევს, ზელენსკი მათ დანებებას ურჩევს და 3 გარანტიას აძლევს.

„შემთხვევითი არ იყო, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთის მოქალაქეებმა თავად მყისიერად უწოდეს "საფლავების მობილიზაცია". რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რომ ისინი მოქალაქეებს პირდაპირ სიკვდილთან აგზავნიან - სხვა გზა არ არსებობს.

რუსეთის მეთაურებს არ აღელვებთ რუსების სიცოცხლე. მათ უბრალოდ სჭირდებათ ხელახლა დაგეგმონ ცარიელი ადგილები, რომლებიც დაღუპულებმა, დაჭრილებმა და გაქცეულმა ან დატყვევებულმა რუსებმა დატოვეს.

თქვენს ხელისუფლებას არ აღელვებს, ვინ შეავსებს ამ ადგილებს. ახალგაზრდა IT სპეციალისტი, ვისაც არასდროს უმსახურია თუ პენსიონერი, ვინც მხოლოდ საბჭოთა არმიაში მსახურობდა. ამიტომ თქვენთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა: ახლა წყდება დასრულდება თუ არა თქვენი სიცოცხლე.

უკეთესია არ დაემორჩილოთ გაწვევას ვიდრე დაიღუპოთ უცხო მიწაზე.

უკეთესია გაექცეთ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე დასახიჩრდეთ და შემდეგ დაგეკისროთ პასუხისმგებლობა სასამართლოში აგრესიულ ომში მონაწილეობის გამო.

უმჯობესია დანებდეთ უკრაინაში ტყვეობას ვიდრე ჩვენმა იარაღებმა, აბსოლუტურად სამართლიანმა დარტყმებმა მოგკლან, ვინაიდან უკრაინა ამ ომში საკუთარ თავს იცავს. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ნათელს - ვიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს შვილებს, ჩვენს თავისუფლებას.

რისთვის იბრძვის რუსეთი? რუსეთის ყველა მოქალაქემ იცის - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას არ აღიარებს, მათ ნამდვილად იციან, რომ რუსეთს ბოროტება მოაქვს.

უკრაინა რუსეთის ყველა ჯარისკაცს, ვინც დაგვნებდება 3 გარანტიას აძლევს. პირველი, ჩვენ ცივილიზებულად მოგექცევით, ყველა კონვენციის შესაბამისად.

მეორე, არავის ეცოდინება თქვენი დანებების გარემოებები, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი დანებება ნებაყოფლობითი იყო. და მესამე, თუ რუსეთში დაბრუნების გეშინიათ და არ გსურთ გაცვლა, ჩვენ ამის უზრუნველყოფის გზასაც ვიპოვით“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო და დღესაც გრძელდება. პოლიციამ აქციებზე უკვე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისებს გადასცემენ. ამასთან, იმართება შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

 

close დახურვა