პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითადი საკითხების განხილვა ინიციატივასთან დაკავშირებით ამოწურულია და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა მოისმინოს პოლიტიკური სპეკულაციებიც.
„გუშინ დისკუსია, ძირითადად, ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პირველი, პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს, რაც ნიშნავს იმას, რომ არის თუ არა ის პროპორციული, არის თუ არა ის შედეგიანი, არის თუ არა ის თანაზომადი და მე მგონი, აქ პასუხები ამოწურულია. პირდაპირ ცვლილებებში ჩაწერილია და ჩვენ ამას ამ სახით მივიღებთ, რომ ეს ზომები უნდა პასუხობდეს კონსტიტუციის ტესტს. დისკუსიის ეს ნაწილი, პრაქტიკულად, მოიხსნა. თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრელება სურთ, ამაზე დღეს მზად ვართ.
"მეორე ნაწილი, სადაც საუბარი იყო ანგარიშვალდებულებასა და საპარლამენტო კონტროლზე, ეს საკითხიც პრაქტიკულად ამოწურულია. იმიტომ, რომ ეს ცვლილებები კონკრეტული ვადით იმოქმედებს და ამ ვადაში მთავრობასა და პრემიერს რამდენჯერმე უწევს პარლამენტში ანგარიშის წარდგენა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
ამავდროულად, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წევრების ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი კანონით დადგენილი შეზღუდვები, მაგალითად, 15 ივლისამდე იყოს გაწერილი. თუმცა, კონკრეტული თარიღი დღეს პარლამენტის სხდომაზე განისაზღვრება, კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, პირველი მოსმენით მიიღო.