logo
ENG



თბილისი პრაიდი დღეს დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება

06 ივლ 202118:08
3 წუთის საკითხავი
 
თბილისი პრაიდი დღეს დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება

თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ დღეს, 20 საათზე დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდებიან და მოუწოდბს ყველას, ვინც 5 ივლისის ღირსების მარშზე მისვლას გეგმავდა, შეუერთდნენ აქციას. 

"5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში სამწუხაროდ ვერ გავმართეთ. Სახელმწიფომ არ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და არ დაგვიცვა მოძალადე ჯგუფებისგან. შედეგად, ჩვენ მოგვიწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება.

გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. Სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით გვდევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს.

Ჩვენ გვჯერა, რომ Გუშინდელი ძალადობების სერია წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის! Ძალადობის ის მასშტაბები, რასაც გუშინ თბილისში ჰქონდა ადგილი, საჭიროებს მყისიერ რეაგირებას მთელი საზოგადოების მხრიდან", - წერია მათ განცხადებაში. 

რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.

აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. 

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინდელი ძალადობა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და ყველას აჩვენონ, რომ საქართველოში ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ.

მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს ასევე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ:

"20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ", - აცხადებს ბოკერია.

პოლიტიკური მოძრაობა დროა გუშინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს დემოკრატიისთვის უდიდეს დარტყმად აფასებს.

"ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე. ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც გუშინ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გარდა ამისა, მოძალადეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს, რომელსაც საყურე ეკეთა. 49 წლის კაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ძალადობრივი ჯგუფები ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით დასდევდნენ და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მოძალადეები მხოლოდ იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ თბილისი პრაიდის ჩანთა ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ძალადობის 55 ფაქტი გამოავლინეს და 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით.

უწყებამ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა. მათ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ ბრალად.

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.


close დახურვა