logo
ENG



თუ პოლიტპატიმრებს ვიპოვით, რეაგირება გვექნება - ოცნება ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს

17 მარ 202019:13
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას ეხმაურება და ოპონენტებს კვლავ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და თუ ასეთებს „იპოვიან“, რეაგირებას ამის შემდეგ მოახდენენ.

„სანამ გაგრძელდება განხილვები მანამდე დავიწყებთ პოლიტპატიმრების ძებნას და თუ ვიპოვეთ, მაშინ რეაგირება გვექნება“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც. ის აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების არსებობის შემთხვევაში სასამართლო სისტემას „მაღალი შეფასება“ არ ექნებოდა.

„ის რომ პოლიტიკური პატიმრების თემა კვლავ დღის წესრიგში დგას არათუ არასწორია, არამედ კიდევ ერთხელ მიმანიშნებს იმაზე რომ აქ არჩევნებისაკენ სწრაფვის სურვილი ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია. პოლიტიკური პატიმრები საქართველოში რომ არსებობდნენ სასამართლო სისტემას არ ექნებოდა ასეთი მაღალი შეფასება“, - აღნიშნა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს 114 ხმით საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. ცნობილია კომისიის 9-კაციანი შემადგენლობაც: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, მარიამ ჯაში, ირაკლი კობახიძე, თინა ბოკუჩავა, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.


close დახურვა