logo
ENG



თურქეთი, უკრაინა და გაერო 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ

31 ოქტ 202209:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/261fqt13103xpia.jpg

უკრაინა, თურქეთი და გაერო მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ - მედიების ცნობით, გემები საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს დღეს, 31 ოქტომბერს გაივლიან.

ამის შესახებ წერს რუსული სამთავრობო მედია და აღნიშნავს, რომ გაერომ რუსულ მხარეს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. მათი განცხადებით, დერეფნის გავლას, ჯამში, 21 გემი ელოდება.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.

უწყების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინა ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში შავ ზღვაში არსებულ გემებს 16 დრონით დაესხა თავს. რუსეთის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან ტერორისტული თავდასხმა იყო. 

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის გემები, რომელსაც უკრაინა თავს დაესხა ჩართულები არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვაში. 

რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა “ბრიტანელი სპეციალისტების” კოორდინაციით მოხდა. 

რუსეთის შეთანხმებიდან გასვლას გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და მათ მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებას დაუბრუნდნენ.

ამაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც და აღნიშნა, რომ რუსეთმა მარცვლეულის შეფერხებით ხალხს უთხრა - "მეტი გადაიხადეთ ან იშიმშილეთ".

 

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.

14 ოქტომბერს გაეროში რუსეთის ელჩმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა გაეროს შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის შესახებ საჩივრების წერილით მიმართა. ელჩის თქმით, შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას მომდევნო თვეში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეთანხმებამ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიდო, უკრაინას შესაძლებლობა მისცა, გაეგრძელებინა მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეუძლებელი გახდა. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვმა მიიღო გარანტიები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე. 

Reuters-თან ინტერვიუში გაეროში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ ეს პირობა არ სრულდება და მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის საჩივრების სიაა.

 


close დახურვა