ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ დღის განმავლობაში უკვე 30 ინიცირებული გვყავს, შესაბამისად ვირუსის აღმავლობის ფაზაში გადავდივართ. მედიკოსები ამბობენ, რომ კორნავირუსთან გამკლავება განვითარებული ქვეყნების ნაწილს გაუჭირდა, მათ შორის ესპანეთს, იტალიას, ამერიკას და ვერც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ იქნება გამონაკლისი და ექიმები ვერ გაუძლებენ იმ წნეხს, რაც შესაძლოა ვირუსის გავრცელებამ გამოიწვიოს.
ექიმები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ არ დაესწრონ მასობრივ შეკრებებს ეკლესიებში.
„გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს იყო 1 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ ვართ ეპიდემიის აღმავლობის ეტაპზე და სამწუხაროდ ამას ემთხვევა ზუსტად იმის საშიშროება, რომ მოხდება მასობრივი შეკრება. ყველა ხედავს საფრთხეს, მაგრამ სიჯიუტესთან გვაქვს საქმე. გაუგებარია ჩემთვის ასეთი უთანასწორობა, როდესაც ძალიან მკაცრად ექცევი პოპულაციას და ძალიან რბილად ექცევი პრივილეგირებულ ფენას, ეს ის საფუძველია, რომ ასეთი მთავრობა დიდხანს ვერ გაძლებს“, - აცხადებს ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.
რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.