logo
ENG



იონათამიშვილი: ამნისტია არაა გირაოს ალტერნატივა, შეთანხმებიდან გასვლა დაუშვებელია

26 აპრ 202119:16
3 წუთის საკითხავი
clock 726
იონათამიშვილი: ამნისტია არაა გირაოს ალტერნატივა, შეთანხმებიდან გასვლა დაუშვებელია

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი გირაოს გადახდაზე მელიას შეცვლილ პოზიციას ეხმაურება და ამბობს ამნისტიის კანონი ვერ ჩაითვლება გირაოს ალტერნატივად. ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა თქვა, რომ ამნისტია შეთანხმების ნაწილია და მისი არმიღება, პრინციპების დარღვევა იქნება. 

"ეს ფერისცვალება უხერხულია დღეს მისი მხრიდან. ვფიქრობ, ამ წინადადებაზე [ევროკავშირის გირაოზე] დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა მიჩენს საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო.

ამნისტიის კანონი არაა გირაოს ალტერნატივა. ესაა ის პროცესი, რომელსაც კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ამ პრინციპების დარღვევა იქნება შეთანხმების პრინციპებიდან გასვლა, ამიტომ ვფიქრობ, ეს დაუშვებელია და მსგავს განცხადებებს აკეთებენ ან სასოწარკვეთილი ადამიანები, ან ისინი, ვისაც სურთ, რომ რაიმე სახის დაზიანება შეიტანონ მოლაპარაკლების პროცესში", - ამბობს იონათამიშვილი. 

დღის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი. მისი განცხადებით, თუ შეუძლებელია ამნისტია მხოლოდ "ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს" შეეხოთ, იგი მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს. ამ განცხადებას ნიკა მელია ციხიდან ავრცელებს:

"გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე".

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.

 


close დახურვა