ირანი აღიარებს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
"ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ ატეხილი აურზაური, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და დრონები მიაწოდა უკრაინაში ომის დასახმარებლად - რაკეტების ნაწილი სრულიად მცდარია. დრონების ნაწილი სიმართლეა და ჩვენ რუსეთს მცირე რაოდენობის დრონები უკრაინის ომამდე თვეებით ადრე მივაწოდეთ", - თქვა მან.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, ამაზე რამდენიმე თვეა უკრაინის ხელისუფლებაც საუბრობს. თუმცა აქამდე ირანი უარყოფდა, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებდა და აცხადებდა, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.
რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, 20 ოქტომბერს ირანს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა. EU-ის გარდა, ირანს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.
ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.