ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ქვეითი ძალები და ტანკები შეიყვანეს და ლოკალური რეიდები დაიწყეს. მათი თქმით, მიზანი ჰამასის ტერორისტებისგან ტერიტორიის გაწმენდა და დაკარგული მოქალაქეების პოვნაა.
IDF-ის სპიკერის განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა და დაშალეს და რამდენიმე სამხილი მოიპოვეს.
"ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ვიპოვოთ ყველა დეტალი დაკარგული და მძევლად აყვანილი ადამიანების შესახებ", - განაცხადა მან.
ბოლო ინფორმაციით, ჰამასს მძევლად დაახლოებით 150-დან 200-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
გარდა ამისა, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორზე ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიაქვთ. IDF-ის თქმით, შეტევის შესახებ დამატებით დეტალებს მალე გაავრცელებენ.
მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Reuters-ის ოპერატორი ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.