logo
ENG



კვირა მსოფლიოში: ომის შესაძლო თარიღი, ერთიანობის დღე კიევში, ლუგანსკის დაბომბვა

18 თებ 202221:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/18/ihf2xtohrmjjyoe.jpg

გასულმა კვირამ ომის საფრთხის პირისპირ ჩაიარა. რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინა კვლავ ყურადღების ცენტრში იყო. კვირის განმავლობაში დასახელდა ომის შესაძლო თარიღი, უკრაინაში ერთიანობის დღე აღნიშნეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ სამხედროები ტერიტორიიდან გაჰყავს, თუმცა, აშშ-ში ამბობენ, რომ ამის საპირისპიროს ხედავენ. დასასრულს მიუახლოვდა ჩინეთის ოლიმპიადაც.

ნახეთ გასული კვირის მსოფლიოს მნიშვნელოვანი ამბები:

11 თებერვალს აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შეჭრილიყო უკრაინაში და აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ, აშშ-მ კიევში საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, უკრაინა დატოვა რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ. პენტაგონმა ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე სამხედრო მწვრთნელი დროებით უკრაინიდან გაიყვანა.

 

მოგვიანებით ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს საელჩო უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ლვოვში გადააქთ. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა ბრიტანეთის ელჩმა თქვა, რომ უკრაინაში რჩებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი მალევე დაიწყებდა საკუთარი მოქალაქეების უკრაინიდან ევაკუაციას. თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც. 4 დღის წინ, ნიდერლანდურმა კომპანია KML-მა უკრაინაში ფრენები უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა. 

უკრაინიდან საკუთარი წარმომადგენლობა არ გაუყვანია ევროკავშირს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, თქვა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური მისიები კიევში რჩება. საუბარი შედგა ჯოზეფ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას შორის, კულებამ თქვა, რომ ევროკავშირს რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მტკივნეული სანქციები ჰქონდა მომზადებული.

12 თებერვალს სატელეფონო საუბარი გაიმართა ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის. ბლინკენმა ლავროვს შესთავაზა უკრაინის საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტა და ხაზი გაუსვა, რომ დამატებით რუსულ აგრესიას მტკიცე ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვებოდა.

სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბრისას ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა საპასუხო ზომებს მიიღებს. ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობებისთვის მზაობისა, დასავლეთი სხვა სცენარისთვისაც თანაბრად მზად იყო.

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა და უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ნაბიჯებს გადადგამს აშშ სწრაფად და ცხადად უპასუხებს. 

13 თებერვალს უკრაინამ აშშ-ისგან დახმარების ახალი პარტია მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტვიტერზე დაწერა - "ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ".

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრებოდა.

ზელენსკიმ მეუღლესთან ერთადაც გაავრცელა ვიდეო, ერთმანეთის და უკრაინის სიყვარულის მოწოდებით.

ზელენსკის განცხადების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

ამაზე პასუხად კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანას მაშინ დაიჯერებს, როცა ამას იხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეესკალაციაზე საუბარი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ 15 თებერვალი ისტორიაში ომის დასავლური პროპაგანდის ჩავარდნის დღედ შევა.

ასევე, რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. უკრაინამ მსოფლიოს მოუწოდა არ აღიაროს რუსეთის გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

16 თებერვალს უკრაინაში ერთიანობის დღე აღნიშნეს. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეებმა სიმბოლურად უკრაინის 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან მოსახლეობას ერთიანობის დღე მიულოცა.

16 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადა, რომ რუსეთის სამხრეთ რეგიონის სამხედრო დანაყოფები ყირიმში წვრთნების შემდეგ დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.

17 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა განცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს მცდარია. მანვე დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში საზღვართან დამატებით 7000 სამხედრო ჩავიდა.

 17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქში დასახლება, სტანიცა ლუგანსკი საარტილერიო შეიარაღებით დაბომბეს, რა დროსაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

ამ კვირაში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მიმდიანრეობდა ჩინეთის ოლიმპიადაც. გუშინ ოლიმპიადის რუსი მონაწილე კამილა ვალიევა, რომელმაც წინა კვირაში დოპინგ ტესტი ჩააგდო და მიუხედავად ამისა ოლიმპიადაზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მისცეს, გამოსვლისას რამდენჯერმე წაიქცა და მედლის მოპოვება ვერ შეძლო, ის მეოთხე ადგილზე გავიდა. გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კამილა ვალიევას გამოსვლის შემდეგ მისი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე აკრიტიკებდა დანებებისთვის და ეუბნებოდა "რატომ შეწყვიტე ბრძოლა". თუთბერიძე წვრთნის მეთოდების გამო გააკრიტიკეს.

აქართველოს მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მე-11 ადგილი დაიკავა


close დახურვა