logo
ENG



კირთაძე: ქამადაძესა და გორგილაძეს აქციაზე ბანერი არ ჰქონიათ, პირდაპირ ტროტუარიდან აიყვანეს

04 ივნ 202314:26
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე პარტიის წევრები, მირდატ ქამადაძე და ლევან გორგილაძე ისე დააკავეს, რომ მათ ბანერებიც არ სჭერიათ ხელში. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მათთვის სუფთა ფურცლებიც, ასევე, იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არანაირი ბანერი არ ეკავათ ხელში, ეს ადამიანებიც დააკავეს. მაგალითად, აქციაზე მირდატ ქამადაძეს არ ჰქონია ბანერი და არც ლევან გორგილაძეს, მათი აყვანა ტროტუარიდან მოხდა პირდაპირ, ისე, რომ არაფერს და არავის ხელს არ უშლიდნენ.

ნათლად გამოჩნდა, რომ თავისუფალი სიტყვის დასაცავ აქციაზე მყოფ ადამიანებს პოლიცია კი არ იცავს, ამ ადამიანებსაც აკავებს. ეს არის, ალბათ, ყველაზე მკაფიო მაგალითი იმისა, თუ საით მიჰყავს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა მან.

გუშინ ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქცია თბილისის აქციის პარალელურად მიმდინარეობდა, თუმცა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მალევე დაიწყო.

კერძოდ, პოლიციამ მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა, რასაც შემდგომ აქტივისტების დაკავება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა: თაზო მახარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან გორგილაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნოდარ დუმბაძის შვილი, გიორგი დუმბაძე. ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე არასრულწლოვანები არიან. ნაცვლიშვილი ის მოსწავლეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, სკოლაში, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა ჩამოხია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძეც დააკავა.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.


close დახურვა