ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევას ულოცავს და ამბობს, რომ უმრავლესობის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იოსელიანის პიროვნული თვისებები იყო.
"ყველა ვიცნობთ ლევანს ძალიან კარგად და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. მისი პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ეს კომპრომისი იყო საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის - ერთ ის, რომ საჭირო იყო აუცილებლად სახალხო დამცველის არჩევა, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, მე აქ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მხედველობაში არ მიიღო ამ კომპრომისის საჭიროება და მათ არ მიიღეს მონაწილეობა დღევანდელ კენჭისყრაში. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებაზე და ფარისევლობაზე. ფარისევლობის გამოხატულებაა მათ შორის ის, რომ ჩვენი გმირი, წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს, ეკლესიას აგინებ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში. ასეთი ფარისევლობის გაგრძელება იყოს ის, რომ როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან"- თქვა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის აზრით იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამველი.
"ღრმად მრწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და სამწუხაროდ, ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან საპირისპირო მოსაზრება გამოხატა. მათ ლექსიკონში დამოუკიდებელი არის ჯაშუშის სინონიმი. თუ არ ხარ ჯაშუში, არ ხარ დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და იქნება სწორედ სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს"- თქვა კობახიძემ.
პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია.
მის კანდიდატურას 96 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. იოსელიანის წინააღმდეგ არცერთმა დეპუტატმა არ მისცა ხმა.
ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
***
სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია მოქალაქეებმა 28 თებერვალს წარადგინა.
6 მარტს უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს იოსელიანის კანდიდატურას.
2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც.
პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.