პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "კრიმინალურს და ანტიდასავლურს" უწოდებს ოპოზიციას, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით კენჭისყრაში.
"დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული ეს არის რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდების შეთანხმებაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, კრიმინალური, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა",- თქვა კობახიძემ ცვლილებების მიღების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
მან მადლობლობა გადაუხადა 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორებს და აღნიშნა, რომ "აღსრულდა შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა".
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ.
რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.
ევროპულმა საქართველომ, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ამ გზით ხელისუფლებას რეფორმის მორიგ ჯერზე ჩაგდების შესაძლებლობას არ მისცემდნენ და 8 მარტის შეთანხმებას სრულად შესრულების პერსპექტივას შეუნარჩუნებდნენ. შემდგომ კენჭისყრებში პარტიას მონაწილეობა აღარ მიუღია.