logo
ENG



კრამონი: დროა ევროკავშირმა კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელ რუსეთს სანქციების ენაზე ესაუბროს

15 დეკ 202116:33
3 წუთის საკითხავი
 
კრამონი: დროა ევროკავშირმა კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელ რუსეთს სანქციების ენაზე ესაუბროს

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა.  მისი თქმით, დროა ევროკავშირმა "კბილები გამოაჩინოს" და საკითხის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ნაცვლად, მჩაგვრელ რუსეთს უპრეცედენტო სასჯელი დაუწესოს. 

კრამონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს და დაიცვას უკრანა, რომლის მოსახლეობაც ევროპულ ღირებულებებს იზიარებს.

ევროპარლმანეტარის გამოსვლის თარგმანს უცვლელი სახით გთავაზობთ: 

„ბატონო პრეზიდენტო, უმაღლესო წარმომადგენელო, ძვირფასო კოლეგებო,

ჩვენ ეს აქამდეც გვინახავს: მჩაგვრელი აშანტაჟებს მასთან შედარებით სუსტ მეზობლებს, მაშინ როცა დანარჩენი სამყარო უყურებს. ჩვენ ეს ვნახეთ გასულ აპრილს, ჩვენ ეს უამრავჯერ გვინახავს კაცობრიობის ისტორიაში.

ისტორია გვასწავლის, რომ მჩაგვრელის დამშვიდების მცდელობა ძალიან საშიში სტრატეგიაა - ეს ამორალური და კონტრპროდუქტიულია.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული. მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.მათ, ვინც იცნობენ ბატონ პუტინს, იციან, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად და მტკიცედ.

უკრაინა იმიტომ კი არაა რუსეთის სამიზნე, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ისინი ბედავენ, იყვნენ თავისუფალნი და სურთ თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან.

ამ დროს როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ნორდ სტრიმ 2" უნდა გაგრძელდეს. როგორც ერთმა რუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანმა ღიად განაცხადა, კრემლის ექსპორტის მთავარი პროდუქტი არა გაზი, ნავთობი ან შეიარაღება, არამედ ქაოსია. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ჩვენ ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს.

დროა, ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კბილები გამოაჩინოს და მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე.

რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის გაბედავს უკრაინის წინააღმდეგ მომდევნო ომის დაწყებას. გავთიშოთ რუსეთი მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან [SWIFT] გავანადგუროთ "ნორდ სტრიმ 2" და დავუწესოთ სანქციები პუტინსა და მის გარემოცვას.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე, როცა კრემლი უკრაინის გაღიზიანებას ეცდება, უკრაინასთან პარტნიორობის გაძლიერებით ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ჩაგვრა კონტრპროდუქტიულია.

ძვირფასო კოლეგებო, მოდით განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყაროში ძალა არ ნიშნავს უფლებას

დავიცვათ უკრაინა!“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის წინაშე დღევანდელი გამოსვლისას.

***

შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმას სხვადასხვა ფრონტიდან გეგმავდეს.

უკვე 1 თვეზე მეტია უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით 8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება. 

დეკემბრის დასაწყისში სტოკჰოლმში ერთმანეთს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეხვდნენ. ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი გზის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ან პოლიტიკური შეზღუდვების დაწესება.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.

 

close დახურვა