logo
ENG



ლაიენი: უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი აგრესიული ქმედებები რუსეთს მძიმე ფასად დაუჯდება

15 დეკ 202115:33
3 წუთის საკითხავი
 
ლაიენი: უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი აგრესიული ქმედებები რუსეთს მძიმე ფასად დაუჯდება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან დამატებით აგრესიულ ქმედებებს ევროკავშირისგან არსებული სანქციების გამკაცრება ან ახალი ზომების მიღება მოჰყვება.

„ევროკავშირი რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფ უკრაინას სრულად უჭერს მხარს. უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი აგრესიული ქმედებები რუსეთს მძიმე ფასად დაუჯდება. ჩვენ შეგვიძლია არსებული სანქციების გამკაცრება და გაფართოება, საჭიროების შემთხვევაში კი ახალი ზომების მიღება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

***

შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმას სხვადასხვა ფრონტიდან გეგმავდეს.

უკვე 1 თვეზე მეტია უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით 8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება. 

დეკემბრის დასაწყისში სტოკჰოლმში ერთმანეთს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეხვდნენ. ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი გზის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ან პოლიტიკური შეზღუდვების დაწესება.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.

კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.


close დახურვა