logo
ENG



ლომჯარია: მიუღებელია, რომ უკრაინის ომბუდსმენს ციხეში შესვლაზე უარი ეთქვა

16 ნოე 202116:26
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: მიუღებელია, რომ უკრაინის ომბუდსმენს ციხეში შესვლაზე უარი ეთქვა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მიუღებელია, რომ საკუთარი მოქალაქის სანახავად ჩამოსული უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. 

მისი შეფასებით, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.

"ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ომბუდსმენთან და მას ასევე ჰქონდა ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან და ჩემთვის მოულოდნელია და მიუღებელია ის, რომ საკუთარი მოქალაქის სანახავად ჩამოსულ უკრაინის სახალხო დამცველს უარი ეთქვა ციხეში შესვლაზე", - ამბობს ლომჯარია.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, "პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ".

მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა