logo
ENG



მდინარაძე ელჩების განცხადებაზე: შეთანხმების შესრულების ვალდებულება მხოლოდ ოცნებას არ აქვს

19 ივნ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ საკითხზე პასუხისმგებლობა ორმხრივია.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმებაში ჩაწერილი შეთანხმების შესრულებას 100%-ით აპირებს.

„ვალდებულება მხოლოდ ქართულ ოცნებას არ აქვს იმ შეთანხმების შესრულების, რომელიც 8 მარტს შედგა. ამის ვალდებულება ყველას გააჩნია და მე კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობას აყენებს, რომელიც რეალურად არ ყოფილა რვა მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი, თორემ ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ყველაფერი და არა რაღაცები მოიგონონ და იქ ვნახავთ, რომ შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით და რის შესრულებასაც 100%-ით ვაპირებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალი ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

 

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება. 

 


close დახურვა