მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. ბოდიშის მოხდის მიზეზი კი იმნაძისა და გამყრელიძის მიერ მოსახლეობისთვის ეკლესიაში წასვლისგან თავის შეკავებაზე გაფრთხილების მიცემაა.
მეუფე იაკობის თქმით, მათ ბოდიში უნდა მოოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ.
„პატივს ვცემდი ექიმებს. ზოგიერთს რომ ვუყურებ და ისე ლაპარაკობენ. ალბათ, როდესაც გინდა ხალხს უწინამძღვორ სიმშვიდე უნდა გქონდეს. რომ გამოდიხარ და პანიკებს თესავ.. თუ ომია, პანიკებს ვინც იწვევდა ომის დროს, კარგად ვიცი რასაც უშვრებოდნენ.
ბატონ ამირან გამყრელიძესა და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, მე სხვა ექიმებზე არაფერი ის არა მაქვს, რა. გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან. მაგრამ ამათი საქციელი, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ“, - აცხადებს იაკობი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.