logo
ENG



მეუფე იობი ინფიცირებულ მღვდელზე: შეიძლება, ცოდვის ნაყოფია

15 აპრ 202018:49
3 წუთის საკითხავი
 
l5kj0jwmgcl9sif.png

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დღეს ქადაგებისას განაცხადა, რომ ტაძარში სულიწმინდის მადლია, რომელსაც სულისა და ხორცის განკურნების მადლი აქვს.

მეუფის განცხადებით, იმედია კორონავირუსი აღდგომას დამარცხდება.

„როგორც იუდა გამოერია 12 მოციქულში, ასევე სამღვდელოებაშიც იქნებიან ასეთებიც, რომ მოუწოდებენ თავიანთ მრევლს, რომ ტაძარში არ მოვიდნენ. ეს არის ღვთის სახლი, სადაც მუდმივადაა სულიწმინდის მადლი. სულიწმინდას აქვს სულისა და ხორცის განკურნების თვისება, ასეთ სახლში მოვდივართ და როგორ შეიძლება დაავადდეთ?

ღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება, ცოდვის ნაყოფია, ის რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა იცის. შემთხევით არ არაფერი ხდება. რახან შესცოდა, ყველა სცოდავს, მეც ვცოდავ, სასულიერო პირიც სცოდავს. ვისაც გულისხმიერება აქვს ნათლად დაინახავს ვინ ვის ემსახურება. ორ ძალას შორის მიდის ბრძოლა - ღმერთსა და ეშმაკს შორის. სულიწმინდის შემოსილი თუ ვართ, ყველაფერს ვხედავთ. აღდგომა ყოფილიყოს კოვიდ-19-ის დამმარცხებელი და იმედია, ამ დღეს დამარცხდება“, - განაცხადა მეუფემ. 

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია როდის და როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ქვეყანაში.


close დახურვა