logo
ENG



მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ მისცეს

14 დეკ 202211:35
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი დღეს პროცესზე არ ჩაერთვება. ამის შესახებ მოსამართლემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ექსპრეზიდენტი პროცესზე ჩართოს.

"ბატონი ნიკა აბრამიშვილის წერილია, რომ დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდადებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა", - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება, ვივამედს, მოსამართლემ სხდომამდე მათი პოზიციაც წაიკითხა - კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

მიხეილ სააკაშვილს დღეს სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა. როგორც მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში ამისთვის ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად დასასწრებად მზად იყო.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.


close დახურვა