logo
ENG



მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა, რასაც შვრებიო - ხოშტარია

27 ივნ 202023:27
3 წუთის საკითხავი
 
mo3ousrviy1mz9j.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "ახალგაზრდებს შორის რაღაცა შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება". 

როგორც ხოშტარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხელისუფლების წარმომადგენლის ასეთი ტიპის განცხადება სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია. 

"მდინარაძის განცხადება, რომ თურმე მკვლელობები ხდება, წარმოუდგენელ უგულობასთან ერთად, სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია. ჯერ ბიძინა იძახდა კრიმინალი ყველგან ხდებაო. ანუ მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება ნორმაა რასაც შვებიო, ესაა კრიმინალის აღქმა. კრიმინალი რომ ხდება ყველამ ვიცით, მაგრამ მთავრობისგან მისი აღკვეთა გვინდა და არა მასთან შეგუება. მაგისთვის გიქირავეთ.

ხორავას გამოძიებაზე რაც მოხდა, ეგეც მეორე კრიმინალის წამახალისებელი ქმედება სახელწმიფოსგან. მდინარაძე პირადად და ეს გუნდი მთელი ძალით "მასტავდენ" სისტემას მიჩქმალვაში. ესეც სახელმწიფოს პოზიცია, დალაგება იზ ველქომ", - წერს ხოშტარია. 

დეპუტატი ასევე პოლიციის მიერ 16 წლის მოზარდზე, შესაძლო, ძალადობის ფაქტზეც საუბრობს და ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში პოლიციასა და კრიმინალს შორის ალიანსი შედგა. 

"16 წლის ბიჭზე პოლიციამ იძალადა, მერე თქვა არაფერია გამოსაძიებელიო და უბნის კრიმინალები მიუგზავნა დალაგდიო. ესეც ალიანსი პოლიციად წოდებულ კრიმინალებსა და ქუჩას შორის. აღარაფერს ვამბობ არჩევნებზე და ვასაძის აქციებზე მათ გამოყენებაზე. ზედ ალუბალი, სუსი "საბოტაჟს" იძიებს. არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! და ძალიან მზარდად საშიშია ეს ყველაფერი", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩური გარჩევები ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და ეს ყოველთვის მოხდება. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე მათგანს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა ყველა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს

გარდა ამისა, უწყებამ შაქარასვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა