რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამო, დღეიდან, 28 სექტემბრიდან, ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება "უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების გააქტიურების და ლატვიის შიდა უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების აუცილებლობის მიზნით" მიიღეს.
განცხადების თანახმად, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ის გამოცხადდა ალუკსნეს, ბალვასა და ლუძას რაიონების ტერიტორიაზე, ასევე პორტებში, აეროპორტებში, აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზებზე.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი ამბობს, რომ არ შეიფარებენ რუსეთის არცერთ მოქალაქეს, რომელიც სამხედრო მობილიზაციისგან თავის არიდებას ცდილობს.
"უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ეცდებიან მობილიზაციისგან თავის არიდებას. ასევე, ლატვია არ შეცვლის 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებს", - აცხადებს რინკევიჩი.
***
21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?
რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქციებზე ასობით მოქალაქე დააკავა.
დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები გადასცეს. პარალელურად იმართებოდა შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ.
24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.
კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.