logo
ENG



მწარიაშვილი - შაქარაშვილის საქმეზე კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სიხარული არარეალურია

11 ივლ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

„კონკრეტული ბრალდებული არ გვყავს, ამიტომ ეს კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სიხარული, მე ვფიქრობ, სრულიად არარეალურია“, - ამის შესახებ კომპანია BLB-ის პარტნიორმა, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა მაია მწარიაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მწარიაშვილმა აღნიშნა, გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო, დანაშაულის გარემოებების დადგენის კუთხით ახალს ვერაფერს ამბობს.

„ეს დასკვნა არ არის გასაღები ამ წუთას დანაშაულის გარემოებებისთვის. ის რაღაც აჟიოტაჟი, კვალიფიკაციის დაზუსტება, ის ამბები, რაც საზოგადოებაში მოჰყვა, ეს ლოგიკურად ამ დასკვნას არ უნდა მოჰყოლოდა. ეს დასკვნა ჯერ არაფერს ისეთს არ ამბობს, რასაც სიცხადე შეუძლია სიცხადე შეიტანოს თვითონ დანაშაულის გარემოებებში, ანუ გარდაცვალების მიზეზებში. გარდაცვალების მიზეზი რომ ასფიქსია იყო, ეს გავიგეთ, მაგრამ ასფიქსიის გარემოებებამდე როგორ მივიდა შაქარაშვილი - ეს როგორი ბნელითაც იყო მოცული, ისევ ისეა“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა