„კანონით ამ გამოძიების პატრონი არის პროკურატურა, მაგრამ რეალურად გამოძიებას პატრონი არ ჰყავს“, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აკეთებს.
მწარიაშვილის აცხადებს, რომ გენინსპექციის მიერ მოკვლევის ჩატარება ტყუილია, რადგან გენინსპექცია არ არის საგამოძიებო ორგანო და ის ვერაფერს ვერ გამოიძიებს.
„რაც არ უნდა პროკურატურას არ უნდოდეს, რაც არ უნდა თამაშებში მონაწილეობდეს, რაც არ უნდა რაღაც სპექტაკლს გვაჩვენებდეს და შს მინისტრის მოადგილე ბრიფინგს ატარებდეს, რომ თურმე მოკვლევას ატარებს გენინსპექცია, ეს ერთის მხრივ უცოდინრობაა, მეორეს მხრივ ეს არის ბლეფი ანუ ტყუილი საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ გენინსპექცია არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო, ვერაფერს ვერ გამოიძიებს, მოკვლევა ასეთი ბუნებაში არ არსებობს.
როდესაც 112-ის ზარის გაშიფვრა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ვნახე სხვადასხვა ადვოკატების კომენტარებში, განჩინებით აქვთ ეს ამოღებული. პროკურორის მოთხოვნით უნდა ხდებოდეს განჩინების ამოღება მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამოიღეს ბრიფინგის ჩატარებამდე ნახევარი საათით ადრე. განჩინებით ამოღებული დოკუმენტი არ შეიძლება მოხვდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელში იმიტომ, რომ განჩინებით ამოღებული დოკუმენტი სისხლის სამართლის ნაწილია.
კანონით ამ გამოძიების პატრონი არის პროკურატურა, მაგრამ რეალურად გამოძიებას პატრონი არ ჰყავს. გამოძიებამ შექმნა გადღაბნილი პასუხისმგებლობის სურათი, როგორც მოხდა ხორავას საქმეზე ვუყურებდით. პასუხისმგებელი არ გამოიკვეთა ვინ იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ამოცანა ის კი არ იყო, რომ მე ვარ პატრონი გამოძიებისო, მთავარი ამოცანა იყო, რომ გიორგობიანი ჩემო კოლეგააო და ის ტყუილია რაც მასზე თქვესო“, - განაცხდა მაია მწარიაშვილმა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.