logo
ENG



ნათელაშვილი: მარაზმი-მკვლელობაზე სასჯელი იწყება 4 წლიდან, საგანგებოს დარღვევაზე, 6 წელია

24 აპრ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ ბრიფინგი გამართა.

ნათელაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის შესახებ მიღებულ კანონს, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, ხელი არ მოაწეროს.

„პოლიტიკურმა ვირუსებმა ბიოლოგიური ვირუსი მთლიანად გამოიყენეს ქვეყანაში დიქტატურის განსამტკიცებლად. აი, ამ პრეზიდენტს, ამ წუთას ხელმოსაწერად უდევს, სამარცხვინო პარლამენტის მიერ მიღებული დანაშაულებრივი ე.წ. კანონი, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგვიცხადოს საკარანტინე, საგანგებო მდგომარეობა და მისი ვითომდა დარღვევისთვის, ნებისმიერი ჩვენგანი დააჯარიმოს 3 000 ან 15 000 ლარით, ან მეორე შემთხვევისას გაუშვას ციხეში 6 წლით. ამგვარი მარაზმი ბოლშევიკებსა და ფაშისტებსაც არ მსოვლიათ თავში.

"მოვუწოდებ პრეზიდენტს ვეტო დაადოს აღნიშნულ დანაშაულებრივ აქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება პერსონალურად მას.  ახალი პარლამენტის შეკრებისას პირველ საკითხად მისი გადაყენების საკითხი დადგება. სასწაულია, მკლელობებზე, გაუპატიურებაზე 4 წლიდან იწყება სასჯელი. საკარანტინო ნორმის დარღვევაზე გვიწესებენ 6 წელს. მეუღლე დაჯდა მანქანაში წინ, დააჯარიმეს მძღოლი 3 000 ლარით. იმავე საღამოს ამავე პირს მეზობელ კორპუსში ინსულტირებული დედა გახდა ცუდად და გადავიდა მეორე კორპუსში. ამ შემთხვევაში პირდაპირ ციხეში მიდის.

"ამ ყველაფრის მიზანია ხალხის შეშინება და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობაა, რათა ხალხი შეიკეტოს და ხმა არ ამოიღონ უმსგავსოებაზე. თუ არჩევენბს გააყალბებს რასაც აპირებს, რის გამოც ხალხი გამოვა გარეთ, მაშინ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და დაიწყოს მასობრივი დაჭერები იმ მოტივით, რომ ვიღაც მასობრივ არეულობებს აწყობდა, როგორც 20 ივნისს დაგვაბრალეს. მოვედი დღეს აქ, რადგან ჩვენი მშვიდობიანი განვითარების საკითხი ამ კანონის ხელმოწერა-არმოწერით წყდება. გაითვალისწინოს ეს ყველამ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

3 ათასი ლარი საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის დარღვევის შემთხვევაში და 15 ათასი იურიდიული პირებისთვის - ეს სანქცია უკვე პარლამენტმა ახალი კანონით განსაზღვრა, რომელიც 23 აპრილს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი 6-წლამდე ვადით პატიმრობაა გათვალისწინებული. ეს ქმედება როგორც დანაშაული პირველად ჩაიწერა სისხლის სამართლის კოდექსში. 

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.


close დახურვა