logo
ENG



ნანუაშვილი დენისოვას არშეშვებაზე: ხელისუფლება იზიარებს რუსეთში დამკვიდრებულ პრაქტიკას

16 ნოე 202112:22
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის არშეშვება რუსეთსა და სხვა დიქტატორულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. 

მისი შეფასებით, პენიტენციური სისტემა მაქსიმალურად იხურება ყველა დამოუკიდებელი და ნეიტრალური დამკვირვებლისთვის.

"ეს პრაქტიკა ნამდვილად ჰგავს რუსეთის პრაქტიკას. ეს პრაქტიკა გამოიყენება რუსეთში და სხვა მსგავს დიქტატორულ ქვეყნებში, როდესაც არ უშვებენ უფლებაშელახულ მოქალაქეებთან დამოუკიდებელ, ნეიტრალურ უფლებადამცველს. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჩვენი ხელისუფლება იზიარებს იმ პრაქტიკას, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული წლების განმავლობაში", - ამბობს ნანუაშვილი. 

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, "პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ".

მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა