logo
ENG



ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

01 ნოე 202118:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/01/wk0dmo8q5n9n10y.png

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. 

როგორც წითლიძე Facebook-ზე წერს, მაშინ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და შიმშილობს, პარლამენტში "ჯდომის აზრს ვერ ხედავს". 

"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი) ქართული ოცნება უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", - წერს წითლიძე. 

დღეს მანდატი დატოვა ენმ-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა და გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, მანდატის დატოვვების შესახებ. 

დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გუშინ, 31 ოქტომბერს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

***

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა