მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.
გვარამია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მას სურს პატრიარქის პირადად ინფორმირება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ასევე პატრიარქის პოზიციის მოსმენა.
"ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არც ერთი სპიკერი. მე, ნიკა გვარამია ვითხოვ პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა მისი ინფორმირება პირადად და მინდა, მოვისმინო მისი პოზიცია პირადად, ყოველგვარი შუამავლების, სპიკერების და ამბიონიდან მოქადაგე პირების გარეშე. არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ პატრიარქის პოზიციას. ეს არის თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები, წლების განმავლბაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შეხვდეთ სანდო ვითარებაში, მისთვის მისაღებ ადგილას და პირობებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მანამდე, საპატრიარქოს მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.