„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
კახიძე „ფორმულასთან“ საუბარში იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც საქმის პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მეტყველებს.
„გიგი უგულავას საქმე რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ამას რამდენიმე გარემოება ადასტურებს. პირველი, საქმე იყო ხანდაზმული. მეორე, უნდა იყოს დაცული მოსამართლის მიუკერძოებულობის პრინციპი. მესამე, ეს ეხება თითონ საქმის კვალიფიკაციას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ივანიშვილის განცხადება, რომ ბევრს მოხდილი ჰქონდა და ბევრსაც მოუწევდა სასჯელის მოხდა. ეს მუქარა სისრულეში მოიყვანა მისმა ყოფილმა ადვოკატმა“, - განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" თბილისის ყოფილი მერის, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა.
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.
გარდა ამისა, ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმებაში შედის პოლიტ. პატიმრების გათავისუფლებაც. თუმცა, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მართლმსაჯულებაში ვერ ჩაერევიან.
ოპოზიცია პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეთანხმებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციასთან არსებული შეთანხმება ჩაიშლება, ქვეყანაში არჩევნები ძველი საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.