logo
ENG



ორჯერადად აცრილი ადამიანებისთვის, შესაძლოა, კომენდანტის საათი გაუქმდეს - NCDC-ს ინიციატივა

28 აპრ 202116:48
3 წუთის საკითხავი
 
ორჯერადად აცრილი ადამიანებისთვის, შესაძლოა, კომენდანტის საათი გაუქმდეს - NCDC-ს ინიციატივა
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ინიციატივას წარადგენენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული, გარკვეული შეღავათები ჰქონდეთ, მათ შორის კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინიციატივის მიზანია, მოქალაქეებს მეტი სტიმული მიეცეთ და სწრაფად აიცრან.

 "ჩვენთან 4 400-მდე ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული ფაიზერით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში ასე ვთქვათ, შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ. 

რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, იგივე უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი, კიდევ სხვა ინიციატივები, რამდენიმე ასეთზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ ამ ადამიანებს და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ორჯერადად აცრილი ადამიანები რიგ ქვეყნებში შეღავათებით უკვე სარგებლობენ.

"ვინც ორჯერადად არის აცრილი მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე უკვე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ დახურულში, ასევე, აქვთ შეღავათები კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვებთან მიმართებაში. ამიტომ, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, მომავალი კვირის განმავლობაში, სადღაც 15 მაისამდე დაგვიგროვდება დაახლოებით 14 000-მდე ადამიანი უკვე სრულად, ანუ ორჯერადად აცრილი. ამ ადამიანებს მეტი სტიმული უნდა ჰქონდეთ და მეტი შეღავათი ქვეყნისგან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 41 801 ადამიანია აცრილი.

ქვეყანაში ამ ეტაპზე ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ასევე, შემოტანილია ჩინური ​სინოფარმი, თუმცა ამ ვაქცინით აცრა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

სინოფარმზე რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილს დაიწყო და 2 საათში ადგილები სრულად შეივსო.

ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.

 

close დახურვა