ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას სიით გასული დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი უერთდება ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას და ამბობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, მათ პარლამენტი უნდა დატოვონ.
როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, "ქართულმა ოცნებამ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ".
"თუ არ შეჩერდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, დავტოვოთ არალეგიტიმური პარლამენტი.
არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების გვერდის ავლით, უკანონოდ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ.
გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას.
მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური! შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას!
ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არ შეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში", - ამბობს ოქრიაშვილი.
დღეს, 23 ივნისს, ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფრაქციის სახელით ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.